დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
VR Holding-ის ინოვაციური პროექტი VR Vake Sky Tower-ი | რით იქნება გამორჩეული თბილისის ყველაზე მაღალი შენობა

VR Holding-ის ინოვაციური პროექტი VR Vake Sky Tower-ი | რით იქნება გამორჩეული თბილისის ყველაზე მაღალი შენობა

14-09-2024 02:53:00

VR Holding-მა კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის განხორციელება დაიწყო. VR Vake Sky Tower - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის 49 ნომერში, კერძოდ, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას ხორციელდება.

როგორც Business Insider Georgia-სთან VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერმა მანანიკო ნამორაძემ განაცხადა, VR Vake Sky Tower არის ინოვაციური და განსხვავებული პროექტი, რომელიც ახალ მიზიდულობის ცენტრს გააჩენს და ის იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში. ირკვევა, რომ პროექტში შესვლა რამდენიმე ცნობილ ბრენდს სურს.

„VR Vake Sky Tower არის ინოვაციური და განსხვავებული პროექტი, რომელიც თბილისში ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ვაკის პარკთან, ჭავჭავაძის 49 ნომერში აშენდება. მოცემული პროექტი იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში და ახალ მიზიდულობის ცენტრს გააჩენს საქართველოში.

ჩვენს მომავალ მცხოვრებლებს პროექტში დახვდებათ:
•    აპარტამენტები, რომლებიც ჩაბარდება პრემიუმ ხარისხის რემონტით, აპარტამენტები იქნება განკუთვნილი საცხოვრებლად და ასევე საინვესტიციოდ
•    ლობი 10 მეტრიანი ჭერის სიმაღლით და გამორჩეული დიზაინით
•    A კლასის ბიზნეს ცენტრი
•    საერთო სამუშაო სივრცეები
•    სავაჭრო ცენტრი (ჰიპერმარკეტი, ბანკები, აფთიაქი, სხვადასხვა სახის მაღაზიები)
•    ფიტნეს დარბაზი
•    აუზი და სპა ცენტრი
•    ღია და დახურული რესტორნები, მათ შორის ბოლო სართულებზე იქნება განთავსებული რესტორნები, საიდანაც გადაიშლება პანორამული ხედები
•    რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულზე (230 მეტრზე), პროექტის ბოლო სართულზე განთავსდება ინფინიტი აუზი,  საიდანაც ასევე გადაიშლება ულამაზესი პანორამული ხედები
•    რეკრეაციული სივრცეები

VR Vake Sky Tower არ იქნება უბრალოდ საცხოვრებელი პროექტი ეს იქნება სივრცე, სადაც შეძლებთ იცხოვროთ, გაერთოთ, იმუშაოთ და ისიამოვნოთ.

პროექტში ყველაფერი იქნება განთავსებული, რათა მაცხოვრებლებმა თავი იგრძნონ კომფორტულად. 
მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ცნობილ ბრენდთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან პროექტში შემოსვლით - სტუმარ-მასპინძლობის ნაწილში, თუმცა ჯერ ზუსტად ვერ გაგიმხელთ, ვფიქრობ ძალიან მალე სასიამოვნო სიახლეებს გაგაცნობთ.

წინასწარი ჯავშნების მიღება უკვე დაწყებული გვაქვს, დაინტერესება ძალიან მაღალია და ოფიციალურად, გასაყიდად გამოტანას 2024 წლის ბოლომდე ვგეგმავთ“, - აღნიშნა VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერმა.

მანანიკო ნამორაძე აცხადებს, რომ VR Vake Sky Tower-ის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული ღირებულება, მისი ფასადის კომპოზიციური და სტრუქტურული გადაწყვეტაა. მსგავსი ტიპის ფასადი კი დღეს ამშვენებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა The Shard და Marunouchi Tokio Marine.

„შენობა მისი ვიზუალიდან გამომდინარე უკვე ინოვაციურია, თუმცა მასში ერთიანდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზეც საუბარი უკვე შესაძლებელია.

შენობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული ღირებულება, მისი ფასადის კომპოზიციური და სტრუქტურული გადაწყვეტაა. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც შენობის ერთიან ხასიათს შექმნის, არის მისი ორმაგი მინის ფასადის სისტემა, რომელიც ამავდროულად ხელს უწყობს, რომ შენობა იყოს ენერგოეფექტური, რაც თავისთავად ამცირებს შენობის კომუნალურ ხარჯებს და ზრდის კომფორტს. ორმაგი საფარის ფასადს აქვს ბევრი უპირატესობა, როგორიცაა შენობაში ბუნებრივი ვენტილაციის უზრუნველყოფა, დაბინძურების ბარიერის უზრუნველყოფა და უსაფრთხო შენობების შექმნა.

აღნიშნული ტიპის ფასადის პროექტირებაზე ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა (მათ შორის ქარის დატვირთვების კლიმატური ანალიზი საერთაშორისო კომპანია  RWDI-ის მხრიდან). უშუალოდ ფასადის ინჟინერიის პროექტს კი მსოფლიოში #1 საერთაშორისო საინჟინრო კომპანია Werner Sobek შეასრულებს.

მსგავსი ტიპის ფასადი გაკეთებულია ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე როგორიცაა: The Shard და Marunouchi Tokio Marine“, - აცხადებს მანანიკო ნამორაძე.

VR Vake Sky Tower-ის მშენებლობის დაწყება 2025 წლიდან იგეგმება, ხოლო პროექტი დასრულდება 2029 წლის ბოლომდე  მოხდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განსახორციელებლად, დეველოპერულ კომპანია VR Holding-ს სახელმწიფოს მიმართ რამდენიმე ვალდებულებაც გააჩნია. უფრო კონკრეტულად, 2022 წელს შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ სახელმწიფოსგან გამოცხადებულ აუქციონზე გაიმარჯვა და შეიძინა ვაკეში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, N49ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი პირობებით შეიძინა: საპრივატიზებო გადასახდელი თანხა - 11 020 000 ლარი; დამატებით გადასახდელი თანხა - 500 000 ლარი; იმავე მიწის ნაკვეთზე, არანაკლებ 7 200 კვ.მ მიწის ფართზე, სპორტის უნივერსიტეტის ახალი შენობის აშენება-გარემონტება და უსასყიდლოდ გადაცემა, რომლის მოსაწყობად დასახარჯია არანაკლებ 26 128 219 ლარი; დიღომში სამბოს დარბაზის აშენება-გარემონტება და უსასყიდლოდ გადაცემა, რომლის მოსაწყობად უნდა დაიხარჯოს არანაკლებ 3 390 776 ლარი.

კომპანია „ვი არ ვაკე თუერსი“-ს ჯამური ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ  41 მლნ ლარზე მეტ თანხას შეადგენს. კომპანია დამატებით განახორციელებს მინიმუმ 50 მლნ ლარის ინვესტიციას.
კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენს ასევე დევნილების დაკმაყოფილება.

„კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სახელმწიფო საკუთრებაში იყო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რომელშიც მრავალი წელია შეჭირვებულ პირობებში ცხოვრობდა 40-მდე დევნილი ოჯახი. კომპანიამ სრულად გაითავისა სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, დევნილი ოჯახებისთვის გამოესწორებინა გაუსაძლის პირობებში ცხოვრება. 

ამის გათვალისწინებით, კომპანიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დევნილთა ოჯახებისთვის შეეთავაზებინა მათ მიერ დაკავებული ფართების დაცლა და სანაცვლოდ, იმ ოდენობის კომპენსაციების გადახდა, რაც მათ მისცემდა საშუალებას შეესყიდათ ღირსეული საცხოვრისები. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, კომპანია დევნილ ოჯახებს დაეხმარა მათთვის სასურველი ბინების მოძიებასა და შესყიდვაში. ზოგიერთი დევნილი ოჯახის შემთხვევაში სახელმწიფოს გააჩნდა მათი დაკმაყოფილების ვალდებულება, შესაბამისად კომპანიის მიერ გამოყოფილ კომპენსაციებთან ერთად სახელმწიფოსგანაც დამატებით გამოიყო კანონმდებლობით განსაზღვრული თანხები აღნიშნული დევნილი ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით.

კომპანიის ჩართულობით დღეის მდგომარეობით ყველა დევნილი ოჯახი დაკმაყოფილებულია, რომლებიც ცხოვრობენ გარემონტებულ ბინებში და ღირსეულ პირობებში. 

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიას მოცემულ მიწის ნაკვეთზე პროექტის განხორციელება შეეძლო იმ მიწის ნაკვეთის გარეშეც, რომელზეც განთავსებული იყო დევნილი ოჯახების მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობა, თუმცა ამ შემთხვევაში კომპანიის კეთილი ნება და უმთავრესი პრიორიტეტი იყო რომ დევნილი ოჯახებისთვის შეექმნა ჯანსაღი ცხოვრების პირობები, რაც კომპანიამ წარმატებით განახორციელა“, - განმარტავს VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერი.
სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით შპს „ვი არ ვაკე თაუერსი“ განახორციელებს სამბოს დარბაზის მშენებლობა და ასევე ააშენებს ფიზკულტურის უნივერსიტეტს.

ცნობილია, რომ სამბოს დარბაზი დიღომში, სახელმწიფოს მხრიდან მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე აშენდება. 

„პირველ ეტაპზე პროექტი შეთანხმდა სამინისტროსთან, შეთანხმებული პროექტის საფუძველზე ავიღეთ მშენებლობის ნებართვა და დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოები.
ჩვენს ქალაქს შეთანხმებულ ვადებში გადავცემთ საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილ ახალ სამბოს დარბაზს“, - აცხადებს ნამორაძე.

რაც შეეხება ფიზკულტურის უნივერსიტეტის მშენებლობას, როგორც ცნობილია დემონტაჟს დაექვემდებარა ფიზკულტურის უნივერსიტეტის ძველი, ავარიული შენობა, რომლის ნაცვლად VR Holding-ი ააშენებს ახალ, თანამედროვე სტანდარტებითა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს.

„ჩვენი მიზანი იყო ტერიტორიის გაჯანსაღება, პრესტიჟული, თანამედროვე, პრემიუმ ხარისხის სპორტული უნივერსიტეტის მოწყობა მიწისქვეშა პარკინგებით, დახურული და ღია სპორტული მოედნებით. სტუდენტები შეძლებენ მიიღონ სრულფასოვანი განათლება, რაც ხელს შეუწყობს მრავალი წარმატებული ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის აღზრდა-განვითარებას.  

პირველ ეტაპზე პროექტი შეთანხმდა სამინისტროსთან. 

შეთანხმებული პროექტის საფუძველზე ავიღეთ მშენებლობის ნებართვა და დღეის მდგომარეობით დაწყებული გვაქვს სამშენებლო სამუშაოები“, - ამბობს VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერი.

წინასწარი მონაცემებით, VR Holding-ს VR Vake Sky Tower-ის პროექტის განხორციელება 300 მლნ დოლარი უჯდება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები