ქუდებისა და კლასიკური სტილის სამოსის მწარმოებელი კომპანია Bogveli ახალ ბაზრებზე შესვლას გეგმავს. კომპანიის ძირითადი აქცენტი ექსპორტისკენ არის მიმართული. ამის შესახებ, Business Insider Gerogia -ს კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი ბოგველმა განუცხადა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ბრენდი Bogveli მილანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაზე წარდგება.
„პროდუქციაში ცვლილებები არ არის. რასაც ვაწარმოებდით ისევ იმ მიმართულებას ვაგრძელებთ. რაიმეს დამატებას ჯერ-ჯერობით არ ვგეგმავთ. ერთადერთი რაც არის ვცდილობთ დამატებით სხვა ბაზრებზე შესვლას. ძირითადი აქცენტი ექსპორტზე გვაქვს გაკეთებული და თავისთავად, ამაზე ვართ ორიენტირებულნი. საქართველოს მასშტაბით ნაკლებად ვაქტიურობთ. გეგმაში რაც გვაქვს ყველაზე ახლო მომავალში იტალიაში წასვლაა, მილანის ერთ-ერთ გამოფენაზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოფენაა ჩვენი სფეროსთვის და გვინდა იქაც წარვადგინოთ ჩვენი პროდუქცია და ბრენდი“, -ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
გიორგი ბოგველის თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ბაზარზე.
„იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქციას, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ძირითადად ქუდებს, ფაქტობრივად საქართველოში მსგავსი მიმართულებით, სხვა მწარმოებლები თითქმის არც არიან, მოთხოვნა არსებობს. განსხვავებული პროდუქციაა, განსხვავებული ქსოვილებია და ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული მაინც მეტ-ნაკლებად თანდათანობით უფრო პრიორიტეტული ხდება ქართველებისთვის, ვიდრე იმპორტული. რაღაც კუთხით ნელ-ნელა სახელს იბრუნებს. თავიდან, რომ არ სიამოვნებდათ ქართული წარმოება დღესდღეობით ეს დამოკიდებულება აღარ არის. წინა წლებში საზღვარგარეთ ვიყავით წასულები გამოფენებზე, მაგალითად პარიზში და მოლოდინი რაც იყო გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღეთ. აქედან გამომდინარე უფრო გავაქტიურდით და ინტერესი გაგვიჩნდა გამოფენებში სხვა ქვეყნებშიც მივიღოთ მონაწილეობა. ერთ-ერთი პირველი არის იტალია და მომდევნო არის გერმანია, დიუსელდორფის გამოფენა, რომელსაც განვიხილავთ უფრო შემოდგომისკენ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიისთვის პრიორიტეტი ევროპის ბაზარია და სწორედ ამ კუთხით მუშაობენ აქტიურად.
„პირდაპირი ექსპორტი გვქონდა საფრანგეთში, ბელგიაში და ნიდერლანდებში. ახლა ვმუშაობთ ერთ-ერთ შეკვეთაზე, რომელიც უნდა გავგზავნოთ საფრანგეთში შემოდგომის კოლექციაზე და სამომავლოდ, ჩვენთვის ევროპა არის ძირითადი აქცენტი. გამოფენაზე გვირჩიეს იაპონიის ბაზარიც და იაპონიაც საკმაოდ მზარდი სფეროა და დაინტერესებულნი არიან იმ კატეგორიის პროდუქციით, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, მაგრამ ერთობლივად შეუძლებელია ყველგან წასვლა და მონაწილეობის მიღება. ეტაპობრივად მივყვებით ამ გეგმებს. ძირითადი ჯერ ევროპა არის. გვინდა, რომ სტაბილური პარტნიორობა დავამყაროთ ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ კომპანიებთან და შემდეგ რა თქმა უნდა დამატებით სხვა ქვეყნებშიც წავალთ “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ბოგველი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ასორტიმენტის დაახლოებით 80%-ი არის ქუდები, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის და არის ასევე Unisex მოდელებიც. გარდა ამისა, კომბინაციაში არის კლასიკური ტანისამოსი, რომელიც ქუდთან ერთად კომბინირებულად იწარმოება იგივე ქსოვილითა და იგივე დეტალებით. ეს არის პიჯაკი, ჟილეტი და შარვალი.
უახლესი
3 საათის წინ
თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაეცა3 საათის წინ
თბილისში “სმარტის” 44-ე სუპერმარკეტი გაიხსნა