დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვის შეეხება სამშენებლო ამნისტია

ვის შეეხება სამშენებლო ამნისტია

20-11-2023 17:09:02

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რომელიც წარედგინება პარლამენტს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამშენებლო ამნისტია გავრცელდება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც არის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და ეს შენობა-ნაგებობები უნდა იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. ასევე, ასეთ სახლებში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და მათ არ ექნებათ დაჯარიმების ანდა შენობის დემონტაჟის რისკი. ისინი სრულად ისარგებლებენ საკუთრების უფლებით, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების რეალიზების კიდევ ერთი ნათელი დასტური იქნება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, ინიციატივა შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს.

„ხოლო ის ინდივიდუალური სახლები, რომლებიც აშენებული იქნება შემდგომ, აღარ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, შესაბამისად ისინი ვეღარ ჩაეშვება ეკონომიკურ ბრუნვაში და ამის შესახებ ინფორმაცია, სრულად მიეწოდება მუნიციპალიტეტს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა არის არა მხოლოდ ამნისტია, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს და საქართველოში 2024 წლიდან ნებისმიერი ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად.

რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ უნდა იყოს აღებული ნებართვა შესაბამის მუნიციპალიტეტისგან, შეთანხმებული უნდა იყოს პროექტი და მხოლოდ ასეთ ინდივიდუალურ სახლების რეგისტრაცია განხორციელდება მომავალში საჯარო რეესტრში.

რაც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საკუთრების უფლებების დაცვისა და ასევე ერთხელ და სამუდამოდ მშენებლობის კანონიერების უზრუნველყოფის კუთხით “, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები