სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ სსფ-სთან შეთანხმებას მიაღწევს და რამდენიმე თვეში სსფ-ს პროგრამა საქართველოში განახლდება.
„მოვახერხებთ, იმიტომ, რომ სსფ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და მათი რეკომენდაციები არსებობს, მაგრამ ჩვენს ეკონომიკურ და საფინანსო პოლიტიკას განვსაზღვრავთ ჩვენ“, - ამბობს ჟურნალისტების კითხვის პასუხად ნათია თურნავა, რომლებიც დაინტერესდნენ მოახერხებს თუ არა სებ-ის სსფ-ს დარწმუნებას საქართველოში პროგრამის განახლების საკითხზე.
„სსფ-თან მიმდინარე პროგრამა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად სსფ-ს მხარდაჭერა საქართველოსთვის და ჩვენი საფინანსო სისტემისთვის ტრადიციულად ძალიან კარგი ფაქტორია, იმისთვის, რომ საერთაშორისო ინვესტორების თვალში საიმედოდ გამოჩნდეს და მიმზიდველად ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი საფინანსო სისტემა. სხვადასხვა კრიზისულ პერიოდებში ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ პროგრამა, რომელიც არის დროებით შეჩერებული, ან გადადებულია მისი მორიგი მიმოხილვა კვლავაც გააქტიურდეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდიდან, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ეს პროგრამა დროებით შეჩერდა ვმუშაობთ სსფ-ს სხვადასხვა ტექნიკურ მისიასთან იმისთვის, რომ გარკვეული ცვლილებები მომზადდეს კანონმდებლობაში. მათ შორის საუბარია სებ-ის, როგორც ინსტიტუციის დამოუკიდებლობის შემდგომ გამტკიცებაზე. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ასევე მათ სურთ, რომ დარწმუნდნენ, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა კვლავაც მდგრადია და უსაფრთხოა. აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს, იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ რამდენად მზარდი და მიმზიდველია ინვესტორებისთვის ჩვენი საფინანსო სექტორი, რომელიც ასევე დიდი ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში, რეგიონში ერთ-ერთი კონკურენტული სექტორია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სსფ-თან ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა მსოფლიო ბანკის და სსფ-ს წარმომადგენლებთან მარაკეშში. შევთანხმდით გარკვეული მოქმედებების გეგმაზე და ვფიქრობთ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ მოვახერხებთ, რომ პროგრამა წინ წავწიოთ“, - აცხადებს ნათია თურნავა.
უახლესი
21 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა