დღეს სრულიად სხვა კონტექსტია. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ამ აქციების ორგანიზებაში ჩვენ უშუალოდ ჩართულები არ ვართ, როდესაც იქ ვიღებთ მონაწილეობას, ვდგავართ არა ამ პოლიტიკური პარტიების, არამედ, ჩვენი ამომრჩევლების გვერდით და ყოველთვის, ნებისმიერ ფორმატში ვიდგებით, ეს იქნება მცირე მასშტაბის თუ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, ამას გავაგრძელებთ, - განაცხადა გახარიას გუნდის წარმომადგენელმა, გიორგი შარაშიძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.
მან უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციებზე დგანან, მაშინ, როდესაც მათი ლიდერი რამდენიმე წლის წინ, პრემიერ-მინისტრობისას მიმართავდა იმავე პარტიას და ჰპირდებოდა, რომ მათ დაასრულებდა. როგორც შარაშიძემ განაცხადა, „მაშინ გიორგი გახარიამ იგულისხმა, რომ ქართველი ხალხი დაასრულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და თუ შევხედავთ დღეს რამდენად დასუსტებულია „ნაციონალური მოძრაობა“, ეს შესრულებულ მისიადაც უნდა ჩაითვალოს“.
„რა თქმა უნდა, დღეს კონტექსტი არის სრულიად სხვა, ჩვენ წარმოვადგენთ ოპოზიციას და ჩვენ ვართ ერთადერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, ყველა დანარჩენი, მათ შორის „ ოცნების“ ჩათვლით არის კოალიციური ძალები - იქ რამდენიმე პოლიტიკური პარტია არის გაერთიანებული. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, აბსოლუტურად მწირი რესურსებით და სასაცილოც კი არის შედარება ჩვენი ფინანსური რესურსების და სხვა რესურსების, ვგულისხმობ ტელევიზიებს, დაფინანსებას და ა.შ. - არავისზე ნაკლები შედეგები არ გვიჩვენებია და ჩვენი ათიათასობით მხარდამჭერი, რომლებმაც დაადასტურეს ჩვენი გუნდის, პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, ბუნებრივია, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. თქვენს კითხვაზე პასუხი არის, რომ ამიტომ ვდგავართ იქ“, - აღნიშნა შარაშიძემ.
მისივე თქმით, ახლა ქვეყანა ბევრად დიდი გამოწვევის წინაშეა და „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დგანან, რადგან ვეღარ მისცემენ თავს კეკლუცობის და იმის უფლებას, გაარჩიონ, ვინ რას აკეთებდა წარსულში.
„ჩვენი წინასაარჩევნო ყველა ეთერი ამით იწყებოდა და მთავრდებოდა, რომ ჩვენი წითელი ხაზი არის როგორც „ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ და ბუნებრივია, ჩვენ არ გადაგვიხვევია ამ დღის წესრიგისთვის და დღესაც ასე დარჩება, მაგრამ დღეს ქვეყანა გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. დღეს ჩვენ ამ შიდა პოლიტიკურ ნომენკლატურაში ვეღარ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, ვარჩიოთ, ვინ რას აკეთებდა წარსულში და ა.შ. ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ქართველმა ხალხმა როგორც ერთხელ უკვე გამოუტანა განაჩენი, კვლავ გააგრძელებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ დღეს ქვეყანა გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ვერ დავიწყებთ კეკლუცობას და პოლიტიკურ ნიუანსებში ჩარევას“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა