დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უნიკალური საკონდიტრო მიმართულება ჩვენი მენიუს ერთ-ერთი ღირებულებაა - ,,ბარბარესთან"

უნიკალური საკონდიტრო მიმართულება ჩვენი მენიუს ერთ-ერთი ღირებულებაა - ,,ბარბარესთან"

03-12-2023 06:45:46

მეცხრამეტე საუკუნის თბილისურ გემოებში მოგზაურობა თუ გსურთ, მაშინ რესტორან ,,ბარბარესთან" უნდა ეწვიოთ. გემოების საოცარი კომბინაციებით შექმნილი მენიუ დიდ ინტერესს იწვევს როგორც უცხოელ ტურისტებში, ასევე ქართველებში, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ გარდასული ეპოქის სურნელი და გემო შეიგრძნონ, გაიცნონ ბარბარე ჯორჯაძის უნიკალური კულინარია, რომელიც მისი სახელობის რესტორანში თანამედროვე გასტრონომიული ტექნიკის გამოყენებით და რაც მთავარია, ცინცხალი პროდუქტებით იქმნება.
როგორც ვიცით, რესტორნის ისტორია 2014 წელს დაიწყო -  იდეით, რომელსაც ერთმა შემთხვევამ უბიძგა, როცა  ქურასბედიანების მრავალშვილიანი ოჯახის ხელში ბარბარე ჯორჯაძის მიერ მეცხრამეტე საუკუნეში დაწერილი წიგნი „სრული სამზარეულო“  აღმოჩნდა.
ამ წიგნით ბარბარე ჯორჯაძემ გასტრონომიული, სტუმარ-მასპინძლობის სისტემური ცოდნა შემოიტანა და გადასცა თაობებს, რომელსაც  დღეს რესტორანი ,,ბარბარესთან" გვიზიარებს.
რესტორნის კონცეფციაზე და ნიშაზე Business Insider Georgia სულ ცოტა ხნის წინ წერდა. ამ ეტაპზე  გაგაცნობთ მენიუს ნაწილს, რომლის დაგემოვნებაც ,,ბარბარესთან" სტუმრობისას არის შესაძლებელი.
რესტორნის გენერალური მენეჯერის ანდრია ქურასბედიანის ინფორმაციით, გასული 8 წლის განმავლობაში 807 რეცეპტიდან აღდგენილი და გაცოცხლებულია 350- ზე მეტი.  მენიუს განვითარებაზე, იდეაზე, ხარისხზე მუშაობს ოჯახის დიასახლისი ქალბატონო მაკა ჯიბუტი, რომელიც აქტიურად არის შეფებთან ჩართული ახალი რეცეპტების შექმნასა და ინსპირაციაში.
,,რესტორანს  აქვს უნიკალური საკონდიტრო მიმართულება, რაც ჩვენი მენიუს ერთ-ერთი ღირებულებაა, სააღდგომოდ ვამზადებთ ბარბარე ჯორჯაძის  უნიკალური რეცეპტით სველ, მძიმე ტრადიციულ პასქებს, ხოლო ყოველდღიურად შეგიძლიათ  წინასწარი შეუკვეთოთ და დააგემოვნოთ უნიკალური ტორტი: „ბეზე ნუშისა ვარდით“.   მიმდინარე მენიუში შეფებმა დავით ნარიმანაშვილმა და მაკა ჯიბუტიმ იმუშავეს და შექმნეს ძალიან საინტერესო კერძები, როგორიცაა „ჩემქვა“ და ბატკანი რძეში. კალმახის თილიმა, თუთმაჯი, ინდოურის საცივი, სუკი კახური, გირჩის დესერტი და სხვა. 
რესტორნის  მენიუზე, რეცეპტებზე მუშაობდნენ შეფები  ლევან კობიაშვილი და გიორგი სარაჯიშვილი. ამ ეტაპზე კი შეფ დავით ნარიმანიშვილთან ვთანამშრომლობთ, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილებით,  განათლებით და საერთაშორისო კულინარიული ცოდნით გამოირჩევა. მისი გამოცდილება დიდ დახმარებას გვიწევს ქართული გასტრონომიის განვითარებაში" - ამბობს ანდრია ქურასბედიანი Business Insider Georgia -თან.
გარდა საინტერესო და უნიკალური გასტრონომიისა, ,,ბარბარესთან" მომხმარებლებს შეუძლიათ გაიცნონ მე- 19 საუკუნის თბილისის ღირებულებები, ქართული   და ევროპული ტრადიციის სალონური კულტურის შერწყმის იშვიათი ნიმუშები, რაც აქაურობას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.
ცნობისთვის, მე-19 საუკუნის საზოგადო მოღვაწე, ლექსების, პიესების, მოთხრობების ავტორი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი და ოჯახის დედა, კნეინა ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ზედმიწევნით ითვალისწინებს თავის თანამედროვე დროსა და გარემოს და ზუსტად გათვლილი დეტალებით, პრაქტიკული რჩევებითა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, დიასახლისებს ოჯახის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, რაც, პირველ რიგში, პროდუქტების ხარისხზე და სიჯანსაღეზე გადის. 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები