მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 42 000-ით და შეადგინა 737 000, რაც ძალიან მისასალმებელია, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული. სიღარიბის დონეც ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება და ამას სჭირდება შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. ამ ტემპებს კიდევ უფრო მეტად გაძლიერება სჭირდება.
მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ინფლაციის დონეს. 2,9% არის ინფლაცია და ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს ქვემოთ ნარჩუნდება ინფლაციის დონე. საწვავის, მედიკამენტების, სურსათის ფართოდ მოხმარებადი პროდუქტების ფასები დაკლებულია. ამას რეგულარულად შევამოწმებთ.
რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან და მასაც ვთხოვე, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმოს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს მარჟების დაწესება ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ეროვნულ ბანკთან ერთად კოორდინირებულ მოქმედებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
უახლესი