დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უახლოეს მომავალში დავიწყებთ თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას - ირაკლი ქარქაშაძე

უახლოეს მომავალში დავიწყებთ თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას - ირაკლი ქარქაშაძე

29-02-2024 17:19:00

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ თელავის აეროპორტის პროექტირების კონკურსში მონაწილეობა 13-მა არქიტექტორულმა კომპანიამ მიიღო. გამარჯვებულად შპს ,,ხმალაძე არქიტექტორები“გამოცხადდა, რომელიც საკონკურსო კომისიამ 10 ბალიანი სისტემით შეაფასა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის კონკურსზე შერჩევის პროცესი დასრულებულია.

,,თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა, რომელმაც ძალიან საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა.მინდა მივულოცო გამარჯვებულ კონკურსანტს, რომლის სხვადასხვა არქიტექტურული პროექტები ბათუმის MC Donald-ის შენობა, თბილისში Meama-ს ოფისი, დასასვენებელი კომპლექსი და ღვინის საწარმო ქედაში და სხვა, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. უახლოეს მომავალში ჩვენ თელავის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობას და ამ ულამაზესი პროექტის ხორცშესხმას დავიწყებთ, რომელიც მჯერა, რომ კახეთის რეგიონს საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთმანეთს საჰაერო გზით დაუკავშირებს და რეგიონისთვის არამხოლოდ აეროპორტი, არამედ შეხვედრების მნიშვნელოვანი ადგილი გახდება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

კომპანია ,,ხმალაძე არქიტექტორებმა" თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს.

 ,,ჩვენი შემოთავაზებით, კონცეპტუალურად დამკვეთს ვიზუალურად გახსნილი შენობა შევთავაზეთ, ადგილიდან გამომდინარე, გარშემო ხედვის არეალები გახსნილია და სივრცე -ალაზნის ველის ხედი, მთლიანობაში კახეთში ჩამსვლელი თითოეული ჩვენგანისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენი გადაწყვეტით, ინტერიერში შემოგვაქვს ფაქტობრივად, მთლიანი გარემო, რაც კახეთში არის. თავად კონსტრუქცია რკინა-ბეტონის არის, თუმცა ეს მძიმე მასალა გეომეტრიულად ისე გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჰაეროვანი ფორმა ნარჩუნდება. ფერების კუთხითაც ვეცადეთ, უფრო დამჯდარი და ბუნებრივი ტექსტურა გამოგვეყენებინა,-‘’განაცხადა პროექტის ავტორმა გიორგი ხმალაძემ.

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილება. თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის ღირებულებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დღგ-ის გარეშე 296 000 ლარს გადაიხდის.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები