წელს კვერცხის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა, რაც ადგილობრივი წარმოებისთვის პრობლემაა. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, კვერცხი რეალურად ერთადერთი პროდუქტია, რომლის წარმოებას მოთხოვნის 100%-ით უზრუნველყოფის რესურსი აქვს, მაგრამ ჭარბი იმპორტის პირობებში დარგი ვერ ვითარდება.
კომპანია „კუმისის“ დამფუძნებლის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ადგილობრივი კომპანიები კონკურენციას მარცვლეულის გაიაფების ხარჯზე უძლებენ.
„კვერცხის იმპორტი ჭარბია და არავის ახსოვს ადგილობრივი წარმოება, რომელიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. თურქეთში ეროვნული ვალუტის დევალვაციისა და ინფლაციიდან გამომდინარე პროდუქცია იაფდება. რეალურად საქართველოში ძირითადად თურქული კვერცხი შემოდის. გვეგონა შეჩერდებოდა ჭარბი იმპორტი, მაგრამ ტენდენციად ჩამოყალიბდა. ვიბრძვით ყველა საშუალებით, ჯერჯერობით გაგვაქვს თავი, მაგრამ ბაზარზე დიდი არასტაბილურობაა.
დემპინგი არის თუ არა, ამას ვერ დავადასტურებთ, მაგრამ ვადასტურებთ, რომ თურქეთიდან კვერცხი არაკონკურენტული ფასით შემოდის ანუ იგივე ღირს, რაც წარმოება ჯდება.
აქედან გამომდინარე, იმპორტის ზრდა დიდი დარტყმაა ადგილობრივი წარმოებისთვის. თუმცა ქართული და იმპორტული მარცვლეული გაიაფდა და ეს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში გვეხმარება“, - აცხადებს ზურაბ უჩუნბეგაშვილი Business Insider Georgia - თან.
ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ სექტემბერში ქვეყანამ 48,241.35 ათასი ცალი კვერცხი იყიდა, რაშიც 5,347.18 ათასი დოლარი გადაიხადა. ეს მაჩვენებლები კი 195%-იან ზრდას აჩვენებს, რადგანაც 2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში 16,335.78 ათასი კვერცხის იმპორტი განხორციელდა. აღნიშნულ პერიოდში კვერცხის იმპორტის 98.5%-ი კი თურქეთზე მოდის.
უახლესი