სამი საერთაშორისო სტიპენდია, 60-მდე სტიპენდიატი - ეს საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.
11 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის, Fulbright-ის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაში საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს უნივერსიტეტებსა და Miami Ad School Europe-ში სწავლას სრულად უფინანსებს. სწავლის გადასახადთან ერთად ფინანსდება ცხოვრების ხარჯებიც.
საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა შორისაა ლევან ფავლენიშვილი, რომელმაც 2020-2021 წლებში, CHEVENING-ის პროგრამაში ბანკის სტიპენდია მოიპოვა და ედინბურგის უნივერსიტეტში, მათემატიკის სკოლაში, ოპერაციათა კვლევის მაგისტრატურაზე გააგრძელა სწავლა.
ახლა კი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კარიერულ საქმიანობაშიც იყენებს. ლევან ფავლენიშვილი კომპანია “ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.
CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ საუბრისას ამბობს, ეს სტიპენდია იმის მტკიცე დასტურია, რომ „ბევრი მუშაობის, კონცენტრაციისა და სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობები უსაზღვროა“.
„დასავლეთის, თავისუფალი სამყაროს ქვეყნებში განათლების მიღების მთავარი ღირებულება არის ის, რომ შესაძლებელი ხდება შენს სფეროში მიიღო ყველაზე მოწინავე ცოდნა. გქონდეს ურთიერთობა ლექტორებთან, რომლებიც შენი სფეროს მეცნიერების ავანგარდში არიან“, - ამბობს ლევანი და აღნიშნავს, რომ მიღებული ცოდნა არა მხოლოდ შეესაბამებოდა მის მოლოდინებს, არამედ მნიშვნელოვან წილად აჭარბებდა მათ.
„ჩემს მოლოდინს გადააჭარბა ბრიტანული განათლების სისტემის სიღრმისეულობამ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი საკმაოდ მოკლე დროა, მოულოდნელი იყო, თუ რამდენი რამის სწავლა შევძელი ამ შეზღუდულ პერიოდში“, - გვიყვება ლევანი.
ამბობს, რომ CHEVENING-ის პროგრამა შესაძლებლობაა - ისწავლო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მიიღო ხარისხიანი განათლება და აღმოაჩინო საკუთარ თავში ახალი უნარები.
„CHEVENING-ის აპლიკაციის შევსებისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, არის ის, რომ პროგრამა საშუალებას იძლევა ისეთ უნივერსიტეტებში ისწავლო, როგორიც არის ოქსფორდი, კემბრიჯი, კინგს კოლეჯი, ლონდონის იმპერიული კოლეჯი, ედინბურგის უნივერსიტეტი, ლონდონის ეკონომისტთა სკოლა - ეს ის სკოლები და უნივერსიტეტებია, რომლებიც ყველა რეიტინგით მსოფლიოს ტოპ 30 უნივერსიტეტში შედის. მეორე მიზეზი არის ის, რომ ბრიტანული სამაგისტრო განათლება ერთ წლიანია და მიუხედავად ინტენსივობისა, საშუალებას გაძლევს სრულყოფილი, ძალიან ხარისხიანი განათლება მიიღო მოკლე დროში და არ მოწყდე კარიერას. მესამე მიზეზი CHEVENING-ის პროგრამის მერიტოკრატიულობაა. CHEVENING-ზე სასწავლებლად წასვლის შანსი აქვთ როგორც უნივერსიტეტის ახალ დამთავრებულებს, ისე ადამიანებს, რომლებმაც დიდი ხნის წინ დაასრულეს ბოლო საგანმანათლებლო საფეხური“, - ამბობს ლევანი.
სწორედ ამიტომ, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, ურჩევს, აუცილებლად შეავსონ CHEVENING-ის აპლიკაცია.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა