წითელი ზღვის კრიზისის ფონზე, ჩინეთიდან და ზოგადად აზიიდან საქართველოში საზღვაო გზით კონტეინერების ტრანსპორტირების დრო დაახლოებით 25-30 დღით გახანგრძლივდა, - ამის შესახებ „თბილისი დრაი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, კრიზისამდე ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირების ხანგრძლივობა 30-40 დღეს შეადგენდა.
„თუ კონტეინერის ჩამოსვლას პირობითად 30-40 დღე სჭირდებოდა, ახლა ამ პერიოდს უკვე 25-30 დღე დაემატა. რაც შეეხება ტარიფებს, ყოველივე ამის ფონზე კონტეინერის ტრანსპორტირების ტარიფებიც გაძვირდა, საუბარია მინიმუმ გაორმაგებაზე.
სრულად ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით კონტეინერების საზღვაო გზით ტრანსპორტირებას ვერანაირი სახმელეთო ალტერნატიული გზები ვერ ჩაანაცვლებს. საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვები ყოველთვის უფრო იაფი გამოდის და ამიტომ დიდი მოცულობებისთვის საზღვაო გზით ტრანსპორტირებას ალტერნატივა არ აქვს. ხოლო შედარებით მცირე მოცულობების შემთხვევაში რკინიგზით ჩინეთიდან შუა აზიის გავლით ტრანსპორტირება ზოგ შემთხვევაში გამართლებულია, თუმცა დამოკიდებულია მის საბოლო დანიშნულების ადგილზე. ამიტომ, საზღვაო გზით ტრანსპორტირება ყოველთვის უფრო კონკურენტუნარიანია“, - აცხადებს „თბილისი დრაი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ჯემალ ინაიშვილი განმარტავს, რომ საქართველოს დანიშნულებით და საქართველოს გავლით ტვირთნაკადი (საუბარია აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის იმპორტზე და ექსპორტზე) კვლავ ხორციელდება ჩვეულ რეჟიმში და იმპორტი აჭარბებს ექსპორტს.
„ხოლო რაც შეეხება შუა აზიას - ძირითადად ყაზახეთი და უზბეკეთი - მათ გაცილებით მეტი ექსპორტი გააჩნიათ ვიდრე იმპორტი და მათი ექსპორტის დიდი ნაწილი ჯერ ჯერობით მაინც მიდის ბალტიისპირეთის ნავსადგურებიდან, რუსეთის გავლით.
კონტეინერების ექსპორტის შემთხვევაშიც ფასების ზრდას აქაც ააქვს ადგილი, თუმცა არა იმ მოცულობით რაც იმპორტის შემთხვევაშია. ექსპორტთან მიმართებაში ტრანსპორტირების ფასების გაორმაგება არ მომხდარა, თუმცა ზოგიერთ მიმართულებებზე გაიზარდა, რადგანაც გზა გახანგრძლივდა“, - აცხადებს ინაიშვილი.
„თბილისის დრაი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ახლო მომოვალში საზღვაო გზით კონტეინერების აზიიდან ტრანსპორტირების ტარიფები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, რადგანაც ჯერჯერობით წითელი ზღვის კრიზისის ბოლო არ ჩანს და უცნობია, როდის მოახერხდება ამ პრობლემის მოგვარება.
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, იემენის მეამბოხე ჰუსიტების მოძრაობამ დაიწყო კომერციული გემების დაკავება წითელ ზღვაში. ისინი თავს ესხმიან ხომალდებს და უტევენ, მათ შორის უპილოტო საფრენი საშუალებებით და რაკეტებით. ასეთ ფონზე კი წითელი ზღვით ტვირთების ტრანსპორტირება მინიმუმამდე დავიდა და გადამზიდავი კომპანიები უსაფრთხოების გამო უკვე უარს აცხადებენ წითელი ზღვით ტვირთების გადაზიდვებზე და გადადიან ან უკვე გადავიდნენ გრძელ მარშრუტზე იმედის კონცხის გარშემო.
სატრანზიტო დროის გაზრდა კი იწვევს საწვავისა და ეკიპაჟის ხარჯების ზრდას და არღვევს მიწოდების ჯაჭვებს.
კრიზისამდე, გლობალური საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით 10% სწორედ წითელ ზღვაზე გადიოდა.
უახლესი