დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმის გამო, მარშრუტი დაგრძელდა და საკონტეინერო გადაზიდვები 3-ჯერ გაძვირდა - SKYLOG-ი

წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმის გამო, მარშრუტი დაგრძელდა და საკონტეინერო გადაზიდვები 3-ჯერ გაძვირდა - SKYLOG-ი

21-12-2023 14:00:00

პალესტინა -ისრაელის კონფლიქტის ფონზე წითელი ზღვაში გემებზე თავდასხმის გამო  ევროპასა და აზიას შორის საზღვაო ტვირთების ტრანსპორტირების პრობლემა შეიქმნა, რაც საბოლოოდ გადაზიდვების ფასზეც აისახა, რადგანაც ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტი შეიცვალა და საზღვაო გადაზიდვები შედარებით უსაფრთხო, მაგრამ გრძელი გზით ხორციელდება.

საერთაშორისო გადამზიდავებმა წითელი ზღვიდან გემების გაყვანისა და სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის კონტინენტის შემოვლითი გზის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც  Business Insider Georgia-თან ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელმა გიორგი ზუმბაძემ განაცხადა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მარშრუტის დაგრძელების გამო საკონტეინერო ხაზების მომსახურება 2-3-ჯერაა უკვე გაძვირებული. 

„ეს არის გლობალური პრობლემა. აზიიდან ევროპაში და პირიქით საზღვაო გადაზიდვებისთვის სუეცის არხი არის ძირითადი და ყველაზე მოკლე გზა. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამო არხი ჩაკეტილია, იემენი ღაზას უჭერს მხარს და უკვე იყო შემთხვევები, რომ თავს დაესხნენ საკონტეინერო ხაზების გემებს. ჩვენ რაც ინფორმაცია მივიღეთ, სხვადასხვა საერთაშორისო წყაროებიდან Maersk-მა და MSC-მ ამ მარშრუტზე მოძრაობა შეწყვიტეს და აფრიკის კონტინენტის შემოვლითი გზით გადაადგილდებიან, რაც თავისთავად ზრდის სატრანზიტო დროს და ფასს. 

სატრანზიტო დროის გაზრდის გამო, უფრო მეტი კონტეინერის მოხმარება გახდა საჭირო, იმიტომ, რომ ეს კონტეინერები ასე სწრაფად ბრუნვაში ვეღარ მოხვდება. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა და შეიქმნა გარკვეული ტიპის დეფიციტიც. არა ისეთი, როგორც კოვიდპანდემიის დროს იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ფასებმა უკვე აიწია. ბოლო 10 დღის განმავლობაში საზღვაო ფრახტი 200-300%-ით გაძვირდა. 

ჩვენ ჩინეთიდან საქართველოში ნაკრები ტვირთების გადმოზიდვასაც ვახდენთ. თუ კი იქ სერვისის რეალიზაცია პირობითად 1 მ/კუბ-ზე ღირდა 80 დოლარი, როდესაც საზღვაო ფრახტის ღირებულებაში ასეთი დიდი ზრდაა, ცხადია, ფასები ადგილზეც გაიზრდება.

პრობლემაა არის სხვა მიმართულებითაც, ეს ფასი ქართულ კომპანიებს თავის კლიენტებთან უკვე შეთანხმებული ჰქონდათ და სწრაფად გაძვირების ფონზე ჩვენსა და კლიენტებს შორის ურთიერთობებში უხერხულობა იქმნება. კლიენტები ამას აღიქვამენ, რომ ზედმეტ ფულს ართმევ. ჩვენ ვცდილობთ, რომ კლიენტებთან ეს ინფორმაცია მივიტანოთ და ავუხსნათ, მაგრამ თავად საზღვაო ხაზებმა თუ ინფორმაცია არ გაავრცელეს, ბევრი ფიქრობს, რომ ფასს ხელოვნურად ვზრდით. 

ეს არის მსოფლიო პრობლემა, რომელიც ალბათ საწვავის ფასზეც აისახება, რადგანაც წარმოიდგინეთ ტანკერებმა რამხელა გზა უნდა გაიაროს, რომ ნავთობი დანიშნულების ადგილზე მიიტანოს“, - აღნიშნა Business Insider Georgia-თან ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ წითელი ზღვიდან საკონტეინერო გემების გადამისამართება პირდაპირ კავშირშია იემენის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გემებზე თავდასმებთან. ირკვევა, რომ იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ მხარს უჭერენ ჰამასს და ყველაფერს გააკეთებენ ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების დასაცავად. მათ შორის, იერიშს მიიტანენ სატვირთო გემებსა და ტანკერებზე.

ცნობილია, რომ წითელი ზღვა მსოფლიოში საწვავის და ტვირთების გადაზიდვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები