დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წიაღისეულზე მოთხოვნის კლება ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტზე ნეგატიურად აისახა - გვანცა მელაძე

წიაღისეულზე მოთხოვნის კლება ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტზე ნეგატიურად აისახა - გვანცა მელაძე

23-04-2023 14:01:53

სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ასევე ფეროშენადნობები საექსპორტო საქონლის სიაში ლიდერობენ, თუმცა რაოდენობრივად ამ პროდუქტების წილი, განსაკუთრებით ევროკავშირის ბაზრებზე მკვეთრადაა შემცირებული.

როგორც ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გვანცა მელაძე Business Insider Georgia - თან აღნიშნავს, მთლიანობაში ევროკავშირში ქართული პროდუქტების საექსპორტო კალათში ცვლილება სწორედ წიაღისეულზე მოთხოვნის კლებითაა განპირობებული.

„ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით სერიოზული სამუშაოებია არის გასატარებელი, თუმცა დღეს არსებულ მოცემულობაში საექსპორტო მაჩვენებლებში ცვლილება ერთ კონკრეტულ ფაქტს უკავშირდება: შემცირებულია წიაღისეულის ექსპორტი, რაც დიდ გავლენას ახდენს მთლიან მაჩვენებელზე და განსხვავებულ სურათს გვაძლევს.

ცნობილია, რომ ძირითადი საექსპორტო პროდუქცია ევროპაში წიაღისეულია, რომელიც სულ 5 კომპანიაზეა დამოკიდებული. ეს არის ძირითადად მადნებისა და ფეროშენადნობების მიმართულება. როგორც კი კომპანიები გადაწყვეტენ და სხვაგან გადაამისამართებენ ექსპორტს, ეს მყისიერად აისახება ევროკავშირის ბაზრებზე და საქართველოს საექსპორტო მონაცემებზე.

ამჯერად ეს მოცემულობაა. დანარჩენ მიმართულებებში კლება არ არის ისეთი, რომ ამას მკვეთრი ცვლილება გამოეწვია.

გარდა ამისა, ევროპაში ექსპორტზე დიდ გავლენას ახდენს თხილიც, რომელიც სეზონური საექსპორტო პროდუქტია“, - აცხადებს გვანცა მელაძე.

მისი თქმით, მდგომარეობის გამოსწორება დიდწილად გლობალურ ბაზრებზეა დამოკიდებული და იამზე თუ, როგორი იქნება მოთხოვნა წიაღისეულთან დაკავშირებით.

„ეს არ არის ბრენდული პროდუქცია, რომ მარკეტინგის მეშვეობით უფრო მეტი გაიყიდოს. ძირითადი მოხმარების ნედლეულია და მთლიანად გლობალურ ბაზრებზეა დამოკიდებული, ამის გაკონტროლება ჩვენი მხრიდან შეუძლებელია“, - ამბობს ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე Business Insider Georgia - თან.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 205.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 81.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 56.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტი).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები