ღვინის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ,,ბადაგონი“ წარმოებას მნიშვნელოვნად ზრდის და ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხითაც აქტიურად მუშაობს.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი მარი გიორგაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, 2023 წლის რთველი ძალიან საინტერესო იყო, კომპანიამ ყველაზე დიდი რაოდენობის ყურძენი ჩაიბარა და წარმოებაშიც სერიოზული ზრდაა.
კერძოდ, როგორც მარი გიორგაძე განმარტავს, ,,ბადაგონმა“ წელს 9000 ტონამდე ყურძენი მიიღო, ხოლო საწარმოო მოცულობა 25%-ით გაზარდა.
,,წლევანდელი სეზონი ,,ბადაგონისთვის“ განსაკუთრებული იყო. წარმოება 25 % -ით გავზარდეთ, რამაც საშუალება მოგვცა, მიგვეღო ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი, რომლის მოცულობა 9000 ტონამდეა. ნედლეულის ხარისხით ძალიან კმაყოფილები ვართ, რაც, რა თქმა უნდა, მომავალში აისახება ღვინის ხარისხზეც.
გვახარებს ის ფაქტიც, რომ მოთხოვნა ,,ბადაგონის“ ღვინოზე გაზრდილია ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ვოპერირებთ. დღეის მდგომარეობით, ასეთია 35 ქვეყანა. გამოვყოფდი ევროპის მიმართულებას, განსაკუთრებით გაზრდილია ექსპორტი პოლონეთში.
წელს ჩვენ შევძელით ქართული ღვინისთვის საკმაოდ უცხო ბაზარზე შესვლა. ეს არის კანადა, სადაც გაყიდვების ზრდის ტემპი საკმაოდ დამაიმედებელია.
2023 წელს ჩვენი პრიორიტეტი არის აზია და ამერიკის შეერთებული შტატები. ბრენდი კარგად არის წარმოდგენილი ჩინეთის ბაზარზე, სადაც არათუ ვინარჩუნებთ, ვზრდით მოცულობასა და პოზიციებს. წელს გავზარდეთ ექსპორტი უზბეკეთში, თურქმენეთში, ემირატებსა და ბაჰრეინში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. წლის ბოლომდე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. რაც მთავარია, ამ მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება 2024 წელსაც, დადებით ტენდენციას გავაგრძელებთ“, - აცხადებს მარი გიორგაძე.
როგორც ცნობილია, მეღვინეობა ,,ბადაგონი“ უკვე რამდენიმე წელია, აწარმოებს ღვინო ქაშერს, რომელიც დიდი პოპულარობით და მოწონებით სარგებლობს არაერთ ქვეყანაში. კომპანიის მიერ წარმოებულმა ქაშერის ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა ასევე ისრაელში, სადაც კომპანია ,,ბადაგონისა” და “ისრაელის სახლის” თანამშრომლობით ექსპორტი უკვე განხორციელდა. ისრაელში გადის ,,ბადაგონის“ მშრალი, ნახევრად ტკბილი და ცქრიალა ღვინოები. მომავალ წელს ამ ბაზარზე კომპანია მინიმუმ 20 %-იან ზრდას ვარაუდობს.
მიუხედავად მიღწეულია, ,,ბადაგონის“ გენერალური დირექტორი საუბრობს გამოწვევებზეც, რაც დღესდღეობით ღვინის ინდუსტრიაშია.
,,სახელმწიფოს დახმარებით და თანამშრომლობით კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ქართული ღვინის ცნობადობა. გამოწვევაა მაღალხარისხიანი ღვინის გაყიდვების ზრდა როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენს გვაქვს 8000 წლოვანი, ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია, საოცარი ქართული ვაზის ჯიშები. მნიშვნელოვანია, რომ დარგი გაძლიერდეს სხვადასხვა მეცნიერული კვლებით, რომლისთვისაც მეღვინეობა ,,ბადაგონი“ არ იშურებს ძალას და ენერგიას, მუდმივად ვართ ჩართული განახლებისა და სიახლეების შემოტანის პროცესში, როგორც ტექნოლოგიური აღჭურვის კუთხით ასევე პერსონალის გადამზადების და გაძლიერების კუთხით. ფრაზა: ,,დამზადებულია საქართველოში ბადაგონის მიერ“ - პირდაპირ მაღალ ხარისხთან ასოცირდება“, - აცხადებს მარი გიორგაძე Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, კომპანია „ბადაგონი“ 2006 წელს დაარსდა და დღესდღეობით მთელს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოს ფლობს.
ბადაგონის ქვევრის ღვინო ალავერდის მონასტრის მე-9 საუკუნის მარანში იქმნება, რომელიც კომპანიის მეშვეობით 2006 წელს აღდგა.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება