შრომის ბაზარზე კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ამას მოწმობს BAG ინდექსის კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის მეორე კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ, კერძოდ გამოკითხული ბიზნესის 59% კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე Business Insider Georgia- თან საუბრობს რამდენიმე მიზეზზე, რამაც მისი თქმით, კადრების პრობლემა გამოიწვია.
„საქართველოში პროფესიულ კადრებზე განსაკუთრებით არის მოთხოვნა ბევრი მიზეზის გამო გაზრდილი. ამ მხრივ განსაკუთრებით ტურისტულ სექტორში უჭირთ, სადაც მკვეთრად ნეგატიურად შეფასდა მდგომარეობა. გარდა ამისა, საინჟინრო, კომპიუტერული მიმართულებით დიდი შეიმჩნევა კადრების სიმცირე.
IT კომპანიებმა დღეს ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნა შექმნეს. იმ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, კომპიუტერული მიმართულების სფეროში იმუშაონ, დიდი ნაწილი დარჩა კვალიფიკაციის გარეშე, ეს მაშინ, როცა თანამედროვე წარმოების ნაწილი თავიდან ბოლომდე ტექნოლოგიურად განვითარებულია, პროგრამირებასა და რობოტულ წარმოებაზეა დაფუძნებული", - ამბობს ვეფხვაძე და დასძენს, სექტორში დიდი ინვესტიციები იდება, მაგრამ კადრი რეალურად არ არის, რაც გარკვეულწილად გადინების პროცესსაც უკავშირდება და ბიზნესის განვითარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.
„ვხედავთ, რომ ძალიან მაღალი საინვესტიციო აქტივობებია, ახალი წარმოებები იქმნება. ხორციელდება ინვესტიციები, რომლებსაც ახალი კადრები ვერ მოჰყვება. შრომის ბაზარზე არ არის მათი ადეკვატური რაოდენობით მიწოდების საშუალება.
გადინებაც დიდ როლს ასრულებს, ცალსახად ამაზეა ტურიზმის პრობლემა დამოკიდებული. სპეციალისტებს, რომლებსაც რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ, თავისთავად შოულობენ სამუშაოს ქვეყნის გარეთ, სადაც ასევე კადრებზე დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად, ვკარგავთ სპეციალისტებს და აქედან ვიღებთ საბოლოოდ პრობლემას, საიდანაც ჯერჯერობით გამოსავალი ვერ მოიძებნა", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
როგორც BAG ინდექსის კვლევამ აჩვენა, 2023 წლის მეორე კვარტალში სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მომსახურების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, იგივე პრობლემა 56 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა მრეწველობის სექტორში.
უახლესი