დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტყის სექტორში არსებული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ტყის სექტორში არსებული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

28-03-2024 15:08:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტყის სექტორში არსებული სიახლეების, ტყის რესურსების გამოყენების შესაძლებლობების გაცნობისა და განხილვის მიზნით გურიის რეგიონში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა  და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა გახსნეს.

მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებს, რეგიონის ტყის მართვის გეგმებს, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობებს; ინფორმაცია მიიღეს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისა და ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების შესახებ.

შეხვედრები საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას და შემოსავლის წყაროების გამრავალფეროვნებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის - გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი). პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები