აჭარული ხაჭაპური, სინორი და ბორანო - ეს სამი TOP-3 კერძია, რომელსაც უცხოელები „აჭარული ღვინის სახლში“ უკვეთავენ.
როგორც Business Insider Georgia-სთან აჭარული ღვინის სახლის მენეჯერმა პავლე ჭიღლაძემ განაცხადა, როდესაც უცხოელი სტუმარი შედის „აჭარული ღვინის სახლში“ პირველ რიგში უკვეთავს აჭარულ ხაჭაპურს, ხოლო შემდეგ ითხოვს დახმარებას ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებისა და ადგილობრივი კერძების შერჩევის კუთხით.
„როდესაც უცხოელი შემოდის, ის პირველ რიგში ითხოვს აჭარულ ხაჭაპურს. რეალურად როდესაც ტურისტი მოდის მას უნდა ადგილობრივი კერძების დაგემოვნება და გვეკითხება თუ რას შევთავაზებდით და ვურჩევდით. მენიუში აჭარული კერძების საკმაოდ ფართო არჩევანი გაქვს, თუმცა აჭარული ხაჭაპურის მერე, ალბათ უფრო სინორი და ბორანო მოდის.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც უცხოელი განმეორებით სტუმრობისას ითხოვს აჭარულ ხაჭაპურს. ხოლო სხვა კერძებს ნაკლებად. თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა სურს ახალი გემოების გასინჯვა და ითხოვს სხვა სიახლეს. ამ მიმართულებით კი „აჭარული ღვინის სახლში“ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გაქვს“, - აცხადებს პავლე ჭიღლაძე.
დღეისათვის„ აჭარული ღვინის სახლის“ მენიუში აჭარული ხაჭაპურის ღირებულება 22 ლარია, ხოლო სინორი და ბორანო 25-25 ლარი ღირს.
აჭარული ღვინის სახლის მენეჯერი ამბობს, რომ მისი სტუმრების 90-92%-ი უცხოელია.
საგულისხმოა, რომ „აჭარული ღვინის სახლი“ ტურისტების საყვარელი ადგილია. რესტორანს საკმაოდ ბევრი ცნობილი პერსონაც სტუმრობს, თუმცა მათი ვინაობა უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონფიდენციალურია.
„აჭარული ღვინის სახლი“ საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ და ულამაზეს კუთხეში მდებარეობს, რომელიც ვენახებითაა გარშემორტყმული და მრავალფუნქციური შატოს ტიპის ობიექტია.
„აჭარული ღვინის სახლში“ განთავსებულია ღვინის საწარმო, ენოთეკა, მარანი ქვევრებით და ღვინის სადეგუსტაციო დარბაზები.
ობიექტი ბათუმიდან 20 კილომეტრში მდებარეობს, ხელსაყრელ ადგილას, ქედის მთავარ საავტომობილო გზაზე, მდინარის პირას. სწორედ ამ და სხვა მახასიათებლების გამო ერთნაირად იზიდავს ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ “მარდი ჰოლდინგმა” „აჭარული ღვინის სახლი“ 2017 წლის ნოემბერში შეიძინა. ჰოლდინგის საქმიანობა მოიცავს, როგორც მშენებლობასა და დეველოპმენტს, ასევე სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესებს. ჰოლდინგის შვილობილი კომპანიები გახლავთ ღვინისა და პირველი ქართული სიგარის მწარმოებლები.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
11 წუთის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება