დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თევზის, ძაღლისა და კატის ნატურალური საკვების ქართული ბრენდი TaoFood-ის ნაწარმი აბუ-დაბიში გაიყიდება

თევზის, ძაღლისა და კატის ნატურალური საკვების ქართული ბრენდი TaoFood-ის ნაწარმი აბუ-დაბიში გაიყიდება

26-03-2024 16:00:00

თევზის, ძაღლისა და კატის ნატურალური საკვები პროდუქტების ბრენდი TaoFood • ტაოფუდი ექსპორტზე გასვლასა და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.

როგორც TaoFood-ის კომერციული დირექტორი ზურაბ ბურდიაშვილი აცხადებს, დღეისათვის თევზისა და შინაური ცხოველების 12 სახეობის საკვებს აწარმოებენ. აპრილიდან კი ასორტიმენტს 6 სახეობა დაემატება, ხოლო შემდგომი ნახევარი წლის განმავლობაში ისევ 6 სახეობა.

2024 წლის ბოლომდე TaoFood-ის ანტიალერგიულ საკვებსაც გამოუშვებს. ხოლო რაც შეეხება კონსერვირებულ საკვებ პროდუქტებს, ეს შემდგომი გეგმებია, რომლის რეალიზებასაც ბრენდი მომავალი წლისთვის შეეცდება. 

ირკვევა, რომ TaoFood-ის პროდუქცია მალე არაბეთა გაერთიანებული საამიროების ბაზარზეც მოხვდება.

როგორც ზურაბ ბურდიაშვილი ამბობს, აბუდ დაბიში გამართული გამოფენის შემდეგ TaoFood-ისადმი ინტერესი გაჩნდა და სავარაუდოდ წლის ბოლომდე მათი პროდუქცია უკვე ექსპორტზეც გავა. 

„​საქართველოს ბაზარს ნელ-ნელა ვიპყრობთ. ამ დროისათვის, მხოლოდ, ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, თუმცა აბუ დაბიში გამართულ გამოფენაზე ჩვენმა პროდუქციამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. მათთვის საინტერესო იყო, რომ ჩვენი პროდუქტის წარმოება ჯდებოდა უფრო იაფი და ასევე განსხვავება შემადგენლობით ვერ იპოვეს ევროპის წამყვან ბრენდებთან შედარებით.

მათი მხრიდან გარკვეული მოთხოვნები იყო შეფუთვასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ. როგორც კი სასურველ შეფუთვას გავაკეთებთ, რომელიც მათ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ექსპორტს დავიწყებთ. თუმცა ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ ექსპორტის დაწყებასთან ერთად არ შევამციროთ მიწოდება ადგილობრივ ბაზარზე, რადგანაც ქართველ მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა ადგილობრივ, ხარისხიან პროდუქციაზე“, - აღნიშნა  TaoFood-ის კომერციულმა დირექტორმა. 

TaoFood-ის პროდუქცია არაბრენდული მაღაზიების და ზოო მარკეტების გარდა იყიდება „გორგიაში“, თუმცა აქტიური მოლაპარაკებებია „გუდვილსა“ და „მაგნიტში“ შესვლაზეც. 

რაც შეეხება საფასო სეგმენტს,  TaoFood-ის პროდუქცია 2-3-ჯერ იაფია იმპორტირებულ საკვებთან შედარებით.

„იყო სტერეოტიპები, რომ ქართული პროდუქტი არ არის ხარისხიანი, მაგრამ ჩვენს ამ სტერეოტიპებს ვებრძვით და ბევრი გადმოვიდა ჩვენს პროდუქციაზე. გეტყვით, რომ ეკონომ სეგმენტში 20 კგ-იანი იმპორტირებული საკვები თუ ღირს დაახლოებით 150-160 ლარი, ჩვენი პროდუქცია ღირს 80 ლარი, ანუ 2-ჯერ იაფი. რაც შეეხება სუპერ პრემიუმს, იმპორტირებული თუ ღირს 300 ლარი, ჩვენ გაქვს იგივე მოცულობა 100 ლარად გვაქვს, ანუ 3-ჯერ იაფად“, - აღნიშნა TaoFood-ის კომერციულმა დირექტორმა. 

TaoFood-ი ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა და მანანა მეტრეველის პირადი საჭიროებისთვის დაწყებული წარმოება, მალევე იქცა სერიულ წარმოებად და ბიზნესად.

„ჩვენს დამფუძნებელის, მანანა მეტრეველის მფლობელობაშია 60 ჰა ტბორები, სადაც აშენებს სხვადასხვა ჯიშის თევზებს. საქართველოს ბაზარზე იმ დროს არ იყო ექსტრუზირებული საკვები. კი იყო გრანულირებული საკვები, მაგრამ არ იყო ექსტრუზირებული საკვები. არადა ექსტრუზირებული საკვებს უფრო მარტივად ითვისებს თევზი და არა მარტო თევზი, ნებისმიერი ცხოველი. მანანა მეტრეველი ამ ტბორებს რამდენიმე წლის განმავლობაში ამუშავა, მაგრამ თევზი არ იზრდებოდა. აქტიურად ყიდულობდა სხვადასხვა საკვებს, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ გადაწყვიტა საკუთარი საწარმოს შექმნა, რომელიც საქართველოში პირველად ექსტრუზიას დაიწყებდა. 2021 წელს შევიძინეთ საწარმო ხაზი. პანდემიის დროს ჩამოვიდა დანადგარები, აიწყო და დაიწყო ტესტირების პროცესი. გვქონდა გარკვეული რეცეპტები, ასევე მოვიწვიეთ ტექნოლოგები და ექსპერტები საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ. ჩვენს მიერ წარმოებული საკვების მიღებიდან ძალიან მალევე თევზმა მოიმატა და ზრდა დაიწყო. 500-600%-ით გაიზარდა, ვიდრე გრანულირებული საკვების მიღებით იზრდებოდა. აქედან გამომდინარე გავხდით საქართველოში პირველი ექსტრუზირებული საკვების მწარმოებლები. 

როდესაც მივხვდით, რომ საწარმოო ხაზი მეტი პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას გვაძლევდა და ნედლეულიც ადგილობრივი გვქონდა, უკვე დავიწყეთ კომერციული წარმოება. მალევე გავაცნობიერეთ, რომ თევზი არის სეზონური, მაგალითად მეხორცულ თევზს ზამთარში ნაკლებად აჭმევენ. ამის შემდეგ მენეჯმენტის დონეზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცხოველების (ძაღლის და კატის) საკვების წარმოება დაგვეწყო. ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა საკვების ტესტირება, საზღვარგარეთ ლაბორატორიებშიც ვგზავნიდით. საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანეთ ექსპერტებიც და ნუტროცილოგები. საბოლოოდ შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და გემოს გამაძლიერებლებს. ჩვენს რეალურად 2022 წლისთვის შევქმენით ნატურალური პროდუქტი, რომლის რეალიზაციაც დავიწყეთ“, - აღნიშნა  TaoFood-ის კომერციულმა დირექტორმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები