მიმდინარე წელს ტექინსპექტირება გავლილი ავტომობილების რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი. როგორც Business Insider Georgia-სთან ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა, მიმდინარე ეტაპზე დახარვეზების მაჩვენებელი საშუალოდ 20%-ზე მერყეობს და წლიდან წლამდე კლების ტენდენცია შეინიშნება. მისივე განმარტებით ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში ავტოპარკი თანდათან ახალგაზრდავდება და ასევე ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ტექინსპექტირება მისული ავტომობილი უკვე სათანადოდ არის მოწესრიგებული.
„ალბათ ორივე მიზეზია, თუმცა ავტოპარკის განახლების ტენდენცია სახეზეა. მით უმეტეს გარკვეული რეგულაციები შემოვიდა და საჭირო გახდა შედარებით ახალი ავტომობილების შემოყვანა. როგორც იცით, გარკვეული წლოვანების ქვემოთ ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანა შეიზღუდა. ამ ფაქტმაც განაპირობა ის, რომ შედარებით ახალი ავტომობილები შემოდის და შესაბამისად უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ისინი დახარვეზდეს. ქვეყანაში შედარებით უფრო მოწესრიგებული ავტოპარკი შემოდის, საუბარი მაქვს იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც ახლა შემოდის ქვეყანაში“, - აცხადებს ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.
გიორგი შიოლაშვილის თქმით, ტექინსპექტირებისას ავტომობილების დახარვეზების მაჩვენებელი თბილისთან შედარებით რეგიონებში უფრო მაღალია, რადგანაც რეგიონებში შედარებით უფრო ძველი ავტომობილები მოძრაობს.
უახლესი
17 საათის წინ
ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა