უცხოელებისთვის ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც თბილისი 181-ე ადგილზეა. ბაქო რეიტინგში 177-ე ადგილზეა, ხოლო ერევანი 141-ე ადგილზე. რეიტინგი სულ 227 ქალაქს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა, ანუ თბილისი უფრო ძვირადღირებული ქალაქი გახდა, ვიდრე ის 2022 წელს იყო.
2022 წლის რეიტინგში თბილისს 217-ე ადგილი ეკავა. საქართველოს დედაქალაქმა რეიტინგში პოზიციები 36 ადგილით გაიმყარა.
უცხოელი სპეციალისტებისთვის წელს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქებია ჰონგ კონგი, სინგაპური და ციურიხი.
საკონსულტაციო ფირმა Mercer-ის კვლევის მიხედვით, ჰონგ კონგი რეიტინგს ზედიზედ მეორე წელია ლიდერობს. ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეულში ადგილების უმეტესობა „შვეიცარიელებმა“ დაიკავეს: ციურიხის გარდა, სიაში მოხვდნენ ჟენევა (მე-4), ბაზელი (მე-5) და ბერნი (მე-7).
მეექვსე ადგილი ნიუ-იორკმა დაიკავა, ათეულს კი თელ-ავივი, კოპენჰაგენი და ბაჰამის კუნძულების დედაქალაქი ნასაუ ასრულებს.
რეიტინგის ავტორებმა უცხოელებისთვის ყველაზე იაფ ქალაქებს შორის დაასახელეს ტაშკენტი, ანკარა, დუშანბე, ბიშკეკი და ჰავანა.
უახლესი