დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, მაღალტექნოლოგიური კვლევების საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში, მაღალტექნოლოგიური კვლევების საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია ოფიციალურად გაიხსნა

14-06-2024 18:13:00

13 ივნისს საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის ოფიციალური გახსნის ღონისძიება და პრეზენტაცია გაიმართა. ლაბორატორია ინოვაციურია თავისი მაღალტექნოლოგიური კვლევებითა და ანალიზებით, რომელიც განსაკუთრებული ხარისხით და სიზუსტით გამოირჩევა და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. ლაბორატორია აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ.

„ეს გახლავთ ჩვენი ჰოლდინგის კიდევ ერთი ახალი პროექტი - საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, რომლის წარმატებაშიც ეჭვი არ გვეპარება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ბიზნეს სუბიექტების ეფექტიანი მუშაობისთვის და ასევე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის. ჩვენი მიზანი იყო ევროკავშირის სტანდარტის სრული შესაბამისობით დაგვენერგა მაღალი ხარისხის მომსახურება აგრარული ვეტერინარიის და სურსათის უვნებლობის მიმართულებით. დღეისათვის ლაბორატორია აერთიანებს 500-მდე აკრედიტებულ ანალიზს, რომლის სფეროც განსაზღვრულია ერთიანი აკრედიტებული ცენტრის მიერ და აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის ყველა მოთხოვნასთან. სამომავლოდ იგეგმება ჩვენი სფეროს გაფართოება. ანუ აქ იგულისხმება ანალიზების ჩამონათვალი, კვლევის მეთოდების და ახალი მიმართულებების დანერგვა. ასევე იგეგმება სასწავლო ცენტრის შექმნა სადაც ძალიან ბევრი და მაღალი რანგის პროფესიონალი გაიზრდება“, - განაცხადა საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელმა ნათია ცაბუტაშვილმა.

ლაბორატორიის კვალიფიციური პერსონალი ნიმუშის აღებას საქართველოს ნებისმიერ რეგიონსა და ობიექტზე ახორციელებს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისებსა და კვლევებს სთავაზობს, რაც თავის მხრივ, გამორჩეულს ხდის რეგიონში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატურად იზრდებოდეს ხარისხის ინფრასტრუქტურა. საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია კი რა თქმა უნდა გააძლიერებს ქვეყანაში ხარისხის ინფრასტრუქტურას. ეს არის კერძო ინვესტიცია, მაგრამ ეს არის ასევე არის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ მხარდაჭერილი, შესაბამისად ამ პროექტს სახელმწიფო გვერდით უდგას და მათ შორის დაფინანსების კუთხით ეხმარება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ლაბორატორიები ძლიერდებოდეს და კერძო სექტორი აქტიურად მონაწილეობდეს ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. რა თქმა უნდა ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო ლაბორატორიებიც, მაგრამ ქვეყანამ აირჩიე მიდგომა, რომ კერძო სექტორი უფრო მეტად გაძლიერდეს და ეს სექტორი სულ მზარდი იქნება მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენ გვესმის, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები და რეგულაციების დანერგვა, ეს უკავშირდება ახალი კვლევების დანერგვას და ახალი კვლევებია აუცილებელია სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სურსათის, ვეტერინარიის, იგივე ფიტოსანიტარიის მიმართულებით, ასევე სამრეწველო პროდუქციის ხარისხის კონტროლის კუთხით. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს მიმართულება უფრო და უფრო სწრაფად განვითარდეს იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჩვენი პროდუქტები საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება. ასევე მნიშვნელოვანია რომ ლაბორატორია აკრედიტებულია 17025:2017/2018 სტანდარტით, არის აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული და საქართველოს აკრედიტაცია დღეს საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

შესაბამისად ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ამ ლაბორატორიაში მიღებული გამოცდის ოქმები გამოიყენონ საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტების გასატანად“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია მომხმარებელს სთავაზობს სურსათის უვნებლობის (HACCP) მიმართულებით სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სრულ ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს, როგორც სასმელ წყალზე, ზედაპირულ და მინერალურ წყლებზე, ასევე ხორცეულისა და ძეხვეულის ნაწარმზე, რძის პროდუქტსა და კარაქზე. ლაბორატორიაში ხორციელდება პურ-ფუნთუშეულის, მარცვლეულისა და თხილეულის დეტალური კვლევა. ის, ასევე გამოირჩევა სრული ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ნიადაგის კვლევით, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენებისა და დამაბინძურებლების და ცხოველის საკვებში ანტიბიოტიკების ნარჩენების დეტალური შესწავლითა და ანალიზით.

„დღეს თბილისში თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ფერმერებისთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის, ვინაიდან ასეთი ლაბორატორია საშუალებას გვაძლევს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქე სურსათის მიერი დაავადებებისგან. ჩვენ მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ კერძო ლაბორატორიული ქსელის განვითარებას, ასევე ჩვენი სამინისტროს ლაბორატორიის შესაძლებლობები ყოველწლიურად იზრდება და ძლიერდება.

ჩვენ კვლევის მასშტაბებს ყოველწლიურად ვზრდით. ასევე იზრდება მოთხოვნაც და საჭიროებაც და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ. „ფაოსთან“ ერთად შევიმუშავეთ და შარშან დავამტკიცეთ ლაბორატორიული ქსელის განიტოტებიან კონცეფცია და ჩვენი მიზანია, რომ ამ პროცესს ეტაპობრივად ხელი შევუწყოთ. ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ასევე ფარგლებში იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რომელიც ჩვენს გვაქვს აღებული ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის მომსახურება გათვლილია კვების პროდუქტების მწარმოებელ და DCFTA მარეალიზებელ ობიექტებსა და სასტუმროებზე, საწარმოებზე, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებზე,

ასევე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაწესებულებებსა და სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიულ მიმართულებებზე.

„საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიას და მის დამფუძნებლებს, თანამშრომლებს ვულოცავ მართლა მნიშვნელოვან დღეს. ლაბორატორია იმუშავებს სამი მიმართულებით და სამივე მიმართულება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურად სუფთა გარემოსთან და ჯანსაღ პროდუქტთან რაც ბუნებრივია რომ თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოვანესია მომავალი თაობებისთვის.

ჩვენ ერთი ორად გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს ორგანიზაცია დიდი ხანია არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი და ჩვენ ჩვენს ყველა წევრს პირველ რიგში წარმატებს ვუსურვებთ და მხარში ვუდგავართ იმისათვის, რომ ეს წარმატება მოიპოვონ. ჩვენ ამ კომპანიას უკვე დავაკავშირეთ სხვა ჩვენი წევრი კომპანიები რომ გამოიყენონ ის სერვისები, რასაც ეს ლაბორატორია მომხმარებელს შესთავაზებს. ამ ტიპის ლაბორატორიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მით უმეტეს იმ პირობებში როცა ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ ევროკავშირში. ძალიან მიხარია, რომ ბევრი წარმატებული კომპანია არის გაწევრიანებული საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“, - განაცხადა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები