დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის საკრებულოში წარმატებულ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში წარმატებულ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა

11-09-2024 16:20:00

თბილისის საკრებულოში წარმატებულ ქართველი ემიგრანტებთან შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია შედგა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ქართველ ემიგრანტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე შეხვდნენ. ღონისძიება ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში  „დიასპორის სახლის“ ორგანიზებით გაიმართა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, ჩვენი ემიგრანტები საზღვარგარეთ ქართულ საქმეს ემსახურებიან და საკრებულოში ასეთ თანამემამულეებთან შეხვედრა დიდი პატივია.

საკრებულოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა.  ჩემთვის დიდი პატივია შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ქართულ საქმეს ემსახურებიან და საქართველოს პოპულარიზაციას  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევიან. თქვენი წარმატების ისტორიები ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. მადლობა, რომ კავშირს ინარჩუნებთ სამშობლოსთან  და ერთმანეთთანაც. საკრებულოს სახელით კი გეტყვით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის შეხვედრები, გვიგულეთ მუდამ თქვენ გვერდით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ემიგრანტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა.

„ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობთ. თქვენ იქ არ ივიწყებთ ქართულ კულტურას. ბევრი თქვენგანი ჩართულია საგანმანათლებლო საქმიანობაში და უცხო ქვეყანაში დაბადებულ ქართველ ბავშვებს ხელს უწყობთ მშობლიური ენის და ქართული კულტურის გაცნობაში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმისთვის, ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელსაც აკეთებთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე ქართველ ემიგრანტებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ემიგრანტების შემოქმედების გამოფენა გაიმართა.

წარმატებული ქართველი ემიგრანტების დაჯილდოებას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად 15 თანამემამულე ჯილდოვდება. წელს დაჯილდოვდნენ ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში  წარმატებული პროფესიული საქმიანობით პოპულარიზაციას უწევენ საქართველოს. ისინი ასევე აქტიურად არიან ჩართულნი კონკრეტულ ქვეყნებში ქართული დიასპორის ადგილობრივ სოციუმთან ინტეგრაციის საქმეში. ღონისძიების მთავარი გზავნილია ქართველ ემიგრანტთა საქმიანობის პოპულარიზაცია და ქართული საზოგადოებისთვის მათი გაცნობა.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები