ცხელ სეზონზე სასტუმრო ლაჰილის Hotel Lahili • დატვირთულობა 30%-ის დონეზეა და სვანეთში დამსვენებლების სიმცირე შეიმჩნევა. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia -თან ,,ლაჰილის" დამფუძნებელმა ლევან დადვანმა განაცხადა, რომელმაც განსაკუთრებით ევროპელი ტურისტების დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ სხვადასხვა ფაქტორის გამო ევროპისთვის საქართველო წელს ნაკლებად მიმზიდველი ტურისტული ქვეყანაა.
„პასიური სეზონია, დამსვენებლების სიმცირე აშკარად იგრძნობა. რეგიონში მიმდინარე ომი ნეგატიური ფაქტორია. რუსების სიმრავლეა ყველგან, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ევროპელებს საქართველოში დასვენება არ სურთ. სავარაუდოდ ასეა, ევროპელი ტურისტების დიდ დეფიციტს სხვანაირად ვერ ავხსნი. ადრე 70%-ს აღწევდა ევროპელი მოქალაქეების წილი და ახლა თითზე ჩამოსათვლელია.
ამ ეტაპზე სასტუმროს დატვირთულობა 30%-ის დონეზეა, რაც ცხელი ზაფხულის პერიოდში არასახარბიელოა. წინა დღეებში გაცილებით მეტი დატვირთულობა იყო, როგორც ჩანს, ზღვას მიაშურა ხალხმა", - ამბობს დადვანი.
Business Insider Georgia -თან მან სასტუმროს კონცეფციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე ტურისტული ობიექტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ძალიან პოპულარულია.
„ავთენტიკური გარემო გვაქვს, სიმარტივით მივუდექით და ამან გაამართლა. ვცდილობთ, მომსახურება მაღალ დონეზე გვქონდეს, ყველა დეტალს დიდი გულისყურით ვეკიდებით, რაც წარმატებაში ძალიან დაგვეხმარა. ერთ-ერთი სერვისი ,,იმოგზაურე საქართველოში დათო ტურაშვილთან ერთად", ძალიან პოპულარული გახდა. აღნიშნულ ტურზე სტუმრების უმეტესობა დედაქალაქიდანაა. კარგია, რომ შემეცნებითი ტურების მიმართ ინტერესი მატულობს. ამ მხრივ ,,ლაჰილი" ერთ-ერთი პირველია, რომელიც ხელს უწყობს მსგავსი ტრადიციის დამკვიდრებას", - ამბობს ლევან დადვანი.
ცნობისთვის, სასტუმრო „ლაჰილი“ მესტიაში გასულ წელს დაფუძნდა. სასტუმროში სტაბილურად 10-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი