ვადაგასულ ან ვადაგასულობასთან მიახლოებული პროდუქცია ნაგავსაყრელის ნაცვლად, სპეციალურ დაწესებულებაში აღმოჩნდება.
ეს იქნება სურსათის ბანკი, რომელიც ახალი ცნებაა კანონმდებლობაში. ამ სტატუსს მიიღებენ არსებული ან ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში და ამავდროულად დააკმაყოფილებენ HACCP-თან გათანაბრებულ სტანდარტებს.
ამასთან, ბიზნესის მხრიდან სურსათის შეწირულობა წახალისებული იქნება საგადასახადო შეღავათებით.
მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებას დადებითად აფასებს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია, რომელიც ფიქრობს, რომ სურსათის ბანკის შექმნით ბიზნესს მეტი ქველმოქმედების საშუალება მიეცემა.
„ვადაგასულთან მიახლოებული საკვები გაჭირვებულ მოსახლეობამდე მივა, რაც ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ბიზნესი ამას აქამდე საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ აკეთებდა და ქველმოქმედებისთვის ახლა მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.
დისტრიბუტორთა ასოციაცია სურსათის განადგურების წინააღმდეგო ყოველთვის იყო. მოვუწოდებდით მთავრობას, გარკვეული ზომები მიეღო. თავის დროზე რითეილ სექტორის მოთხოვნაც იყო, რომ საკვების უტილიზაციის ნაცვლად, ჰუმანიტარული მიზნით გამოყენება შესძლებოდათ.
ეს შეიძლება იყოს ბავშვთა სახლები, მოხუცთა თავშესაფრები, სოციალურად დაუცველები და სხვა, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. საკანონმდებლო ცვლილებით ბიუროკრატიული შეზღუდვებს ავიცილებთ.
ბოლომდე არ ვარ გარკვეული, პრაქტიკაში როგორ განხორციელდება. მთავარია, სურსათის ვადის გასვლამდე მოხდეს გადაცემა მომხმარებლისთვის“, - ამბობს ივა ჭყონია.
მოქმედი კანონით, ვადაგასული პროდუქტი ნადგურდება. სუპერმარკეტები უარს ამბობენ ზედმეტი საკვების გაცემაზე, რადგან შემოწირული საკვები იბეგრება დღგ-ითა (15%) და მოგების გადასახადით (18%). წარმოდგენილი ცვლილება სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეს საკვების უსასყიდლოდ მიწოდებისას ათავისუფლებს როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან.
უახლესი
16 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა