საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტ STEM ოლიმპიადის პირველი სეზონი დასრულდა. გამარჯვებული ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდი გახდა, რომელიც ბანკის დაფინანსებით, ჟენევაში, CERN - ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) ლაბორატორიაში საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრა.
STEM ოლიმპიადაში 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები საკუთარი სკოლის სახელით ასპარეზობდნენ. გუნდის მენტორი, ამავე სკოლის მასწავლებელი კი გუნდს ლიდერობას უწევდა და ეხმარებოდა მუშაობაში, მასალების დამუშავებაში, მეცადინეობასა და გუნდურობაში.
ქართულ-ამერიკულ სკოლას გამარჯვება მოუტანა ვასილ გოგოლაძის, არჩილ ბერაიას, ვატო გოგიას, თორნიკე გაბელაიასა და ნიკოლოზ ყულოშვილისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელსაც მენტორობას მათი ფიზიკის მასწავლებელი გოგა სუქნიძე უწევდა.
ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ, თეორიულ ტურში მონაწილეებმა ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში გამოავლინეს ცოდნა. ხოლო მეორე, პრაქტიკულ ტურში, საუკეთესო 10-მა გუნდმა 6 საათის განმავლობაში ინჟინერიის ამოცანებზე იმუშავა და ჭკვიანი სახლები შექმნა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები ინტენსიურ ტრენინგებსა და კურსებს გადიოდნენ კომაროვის პროფესიონალებთან და STEM ექსპერტებთან ერთად.
საგანმანათლებლო ვიზიტის ფარგლებში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიური გამოფენა მოინახულეს, შეხვდნენ ქართველ მეცნიერებს და მათთან ერთად სხვადასხვა ცდაში მიიღეს მონაწილეობა. ესტუმრნენ ჟენევის უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიასა და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტს. მათ ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს გაეროს შტაბ-ბინა და შეხვდნენ საქართველოს მისიის წარმომადგენლებს. პროგრამის პარტნიორი “კანტის აკადემია" იყო.
„საქართველოს ბანკის ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, რისთვისაც არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება STEM ოლიმპიადაც, რომელსაც კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ვახორციელებთ. იგივე მიზანი გვქონდა, როცა CERN-ის საგანმანათლებლო ვიზიტის გარდა, ქართულ-ამერიკულ სკოლას მეორე პრიზიც გადაეცა და საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით STEM კუთხე მოეწყო. სივრცე ყველა საჭირო მოწყობილობებით არის აღჭურვილი. გვჯერა რომ ეს კუთხე მოსწავლეებს დაეხმარება გაიღრმავონ ცოდნა ინჟინერიის, ფიზიკის და ზოგადად, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გუნდის უფროსმა.
უახლესი
16 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა