მიგვაჩნია, რომ STEM განათლება მსოფლიოში პრიორიტეტი ხდება, რომელზეც მთლიანად ხდება გლობალური ეკონომიკის აგება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მთავრობა და სამინისტრო დიდი ყურადღებას უთმობს ამ მიმართულებით წამახალისებელ კონკურსებს.
„დღეს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ინოვაციური გამოგონებები, რომელიც ჩვენმა, ქართველმა ბავშვებმა შექმნეს. ეს იყო ნიჭის, შრომის და მონდომების ზეიმი, რაც ამ ბავშვებმა თავიანთ პროექტებში ჩადეს და გააკეთეს. რა თქმა უნდა საბოლოოდ გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები. თითოეულ მათგანს მინდა გულითადად მიულოცო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ამ მიმართულებას, რადგანაც მიგვაჩნია, რომ STEM განათლება დღეს მსოფლიოში ხდება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ეგება მთლიანად გლობალური ეკონომიკა. ამიტომ ჩვენი მთავრობისთვის და სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ასეთი წამახალისებელი კონკურსები და ბუნებრივია ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას, დროს და ინვესტიციას დავუთმობთ STEM განათლებას საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, რომელიც „რესპუბლიკაში“ გაიმართა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების განხორციელების წახალისებასა და STEM დარგების პოპულარიზაციას, რაც თანამედროვე ციფრულ სამყაროში აუცილებელია.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი “TerraTech“ გახდა. თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და სენაკის სკოლების ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა მაღალ-ტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. გამარჯვებული გუნდის წევრები, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.
მეორე ადგილზე გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)“ გავიდა.
გუნდის წევრებმა, რომლებიც თბილისის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, შექმნეს პორტატული მოწყობილობა, რომელიც რეალურ დროში ნაბეჭდ ტექსტებს ბრაილის შრიფტში თარგმნის, რითაც ტექსტები უფრო ხელმისაწვდომია უსინათლოთათვის. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.
მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა – „Optical Visionaries”, რომელიც შედგება თბილისის და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისგან, შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი. მოწყობილობა მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გუნდის წევრებს „ლიბერთი ბანკი“ სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში, გაუშვებს.
გარდა ამისა, კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა გუნდი – „Halove” და მისი წევრები, სასწავლო ვიზიტით EPAM ლიეტუვას ესტუმრებიან.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები დაასაჩუქრეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქპატენტი, ჯეოლაბი, აკადემია „ლეტერატო“ და კომპანია allmarket.ge.
წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის დარგებში განავითარეს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ახორციელებს. კონკურსი წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა და ის მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 3 000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა