საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორად ირაკლი კუპრავა დაინიშნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე ლევან მუშკუდიანი სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელობას გაწეული სამუშაოსთვის და ახალ დირექტორს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
როგორც გიორგი ამილახვარმა შეხვედრაზე აღნიშნა, დღეისათვის მიმდინარეობს არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელების საქმეში სააგენტოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია.
მინისტრმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს განახლებულ მენეჯმენტს მისცა დავალება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხისა და ვადების პროცედურული კონტროლი მაქსიმალურად ზედმიწევნით განხორციელდეს, რათა დროულად იქნეს უზრუნველყოფილი პროექტების ხარისხიანად დასრულება და ბავშვების ინფრასტრუქტურულად გამართულ, ევროპული სტანდარტის შესაბამის სკოლებში დაბრუნება.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კუპრავას სამშენებლო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს - სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
რაც შეეხება მის ახლად დანიშნულ მოადგილე ლევან მუშკუდიანს, მას სამშენებლო სექტორში 19-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.
უახლესი
14 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი