საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi - ში, შიდა აუდიტორთა საერთაშორისო სემინარი - "შიდა აუდიტი მმართველობით კონტექსტში" გაიხსნა. ღონისძიება მიზნად ისახავს შიდა აუდიტის სფეროს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტთა და პროფესიონალთა დისკუსიებს აქტუალურ თემებზე, ცოდნის გაზიარებასა და კომუნიკაციის გაღრმავებას კოლეგებს შორის.
შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გახსნა.
"საქართველოს ეროვნული ბანკი ტრადიციულად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს, ვინც პასუხისმგებელია შიდა აუდიტის საკითხებზე. ეს სემინარი ტარდება ყოველწლიურად ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის მხარდაჭერით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან შიდა აუდიტი და მისი გამართული საქმიანობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ცენტრალური ბანკის გამჭვირვალობისა და რისკების გადაზღვევისთვის. სასიამოვნოა, რომ კოლეგებს ყოველწლიურად აინტერესებთ ჩვენი სიახლეები, ჩვენი გამოცდილება და დღესაც მსგავს ღონისძიებას ძალიან წარმატებით ვუმასპინძლეთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
"4-5 წელია საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ვმუშაობთ რეგიონული სემინარების ორგანიზებაზე და უნდა ვთქვა რომ საკმაოდ წარმატებითაც. ეს შეხვედრა ეხება მმართველობას, რომელიც როგორც წესი ეს გულისხმობს პროცესებს, ორგანიზაციულ კულტურას, ორგანიზაციის შიგნით ადამიანების ქცევას და ა.შ. აუცილებელია, რომ ორგანიზაციის სტრატეგია და მანდატი სათანადოდ განხორციელდეს. ოფიციალურად მენეჯმენტი პასუხისმგებელია ორგანიზაციის მართვაზე და ამიტომ შიდა სტრუქტურების როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი გამართული ფუნქციონირებისა და გამჭვირვალობისთვის", - განაცხადა ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ექსპერტმა, რობერტ კორნელისმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდების ჯგუფში შემავალი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნის, 12 ცენტრალური ბანკის შიდა აუდიტორები. ასევე, საქართველოში შიდა აუდიტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ღონისძიებაზე საქართველოს კომერციული ბანკებისა და სამინისტროების შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებიც მიიწვია.
სემინარის სპიკერები იყვნენ ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ექსპერტები - რობერტ კორნელისი და ლისეტ მულდირი. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრის ცალკეული სესიები ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი თემების განხილვას დაეთმო, როგორებიცაა: მმართველობა და მისი არსი, რისკის მართვა და კულტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობა, მმართველობითი პროცესების აუდიტი, გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხები.
უახლესი
5 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა18 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები