დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შვეიცარიული ყველის მწარმოებელი ,,ოდლისი" სახელობითი მაღაზიის გახსნას გეგმავს

შვეიცარიული ყველის მწარმოებელი ,,ოდლისი" სახელობითი მაღაზიის გახსნას გეგმავს

04-12-2023 16:00:07

შვეიცარიული ტექნოლოგიით, ქართული ძროხის რძისგან დამზადებული ყველი ,,ოდლისი" ქართველ მომხმარებლებში და უცხოელ ტურისტებში ძალიან პოპულარულია.

წარმოებულ პროდუქტზე იმდენად მაღალი მოთხოვნაა, რომ  უკვე დღის წესრიგშია სახელობითი მაღაზიის გახსნა. 

ქართულ ბაზარზე ,,ოდლისი" პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც შვეიცარიულიუ ყველის წარმოება წამოიწყო.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი მაკა გიორგანაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, წარმოება დაიწყეს დაახლოებით 18 წლის წინ, მანამდე ჩარდახში დაძველებული ყველი საქართველოში არ იწარმოებოდა. 

,,ჩვენ ვამზადებთ ყველს შვეიცარიული ტექნოლოგიით, ძროხის რძისგან, ეს არის ქართულთან ნაზავი -  ქართულ გემოებით შექმნილი ყველი. ჩვენ შევქმენით და ძალიან პოპულარულია ,,ოდლისის"  ყველი ტრიუფელით,  ეს არის დაძველებული ყველი, რომელსაც  მინიმუმ ერთი თვე ვინახავთ სარდაფში. ამ ხნის განმავლობაში ხდება მისი მოვლა:  ოთხ დღეში ერთხელ  ვწმენდთ სპეციალური ხსნარის გამოყენებით, თვეში ერთხელ - ღვინით. წარმოებაშია სამი ტიპის ყველი: მაგარი, ნახევრად მაგარი და რბილი. გამოყენებულია 27 გემო, რაც ასორტიმენტს მრავალფეროვანს ხდის", - ამბობს მაკა გიორგანაშვილი. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ,,ოდლისი" ექსპორტზე არ გადის, თუმცა ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის სტატუსს ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ინარჩუნებს.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეწარმე სახელობითი მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

,,ექსპორტზე, სამწუხაროდ, აღარ გაგვაქვს, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადიოდა. ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე და ტურიზმზე ვართ დამოკიდებული, უცხოელ ტურისტებს ჩვენი პროდუქტი  ძალიან მოსწონთ. ჩვენ, როგორც ასეთი მაღაზია არ გვაქვს, თუმცა ვთანამშრომლობთ ყველის მაღაზიებთან, ასევე მაღალი კლასის სასტუმროებთან კახეთში, თბილისსა და ბათუმში. ფუნქციონირებს ასევე „ოდლისის" ყველის ბარი თელავში, სადაც ჩვენი პროდუქტის შეძენა შესაძლებელია. იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა  მაღაზიებში გაზრდილია,  გვინდა ,,ოდლისის" სახელობის მაღაზია გავხსნათ", - ამბობს მაკა გიორგანაშვილი.

რაც შეეხება ,,ოდლისის" ყველის ფასს, 1 კგ. პროდუქტის ფასი სახეობის მიხედვით განისაზღვრება და 50-70 ლარს შეადგენს.

კომპანია ერთადერთია იმ უნიკალურ საწარმოებს შორის, რომელიც  პროექტ ,,ყველის გზის" მონაწილეა.

ცნობისთვის, ქალაქ თელავში, ისტორიულ ქუჩაზე, ჩოლოყაშვილის 37 ნომერში, ასევე ისტორიულ შენობაში მდებარეობს ყველის საწარმო „ოდლისი“. საწარმოს დამფუძნებლებმა ყველის წარმოება 2006 წელს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ევროპაში, კერძოდ კი, გერმანიასა და შვეიცარიაში სოფლის მეურნეობის დარგში განათლება მიიღეს.

„ოდლისი“ სამი სახეობის ყველს აწარმოებს: რბილ, მაგარ და ნახევრად მაგარს. ამ ეტაპზე „ოდლისი“ აწარმოებს ყველს 27 სხვადასხვა გემოვნური თვისებით.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები