არც ერთი ეკონომიკური პროექტი, რომელიც საქართველოზე ევროკავშირის მიმართულებით გადის, რუსეთის ინტერესში არ არის. ეს არის რუსეთის კონკურენტი პროექტები, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღევანდელ გადაცემაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტსა და ლარის კურსის შესახებ ისაუბრა.
„დავიწყოთ კვლავ ეროვნული ვალუტის კურსით. ლარი სტაბილურ მაჩვენებელზეა. შეიძლება ასეც ითქვას, რომ ბოლო პერიოდის რყევები პრაქტიკულად შემცირებულია. სებ-ის ბოლო ინტერვენციამ ვითარება კიდევ უფრო მეტად დაასტაბილურა. კურსის კიდევ უფრო მეტად გამყარების მოლოდინები და სურვილებიც არის, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. როდესაც ბაზარზე პანიკური ტიპის შეტევა ხდება კურსი უფრო სწრაფად უფასურდება, ვიდრე შემდგომ სტაბილურ მაჩვენებელს უბრუნდება. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სებ-ის სწორი ინტერვენციების შედეგად პანიკის წილი მოხსნილია.
როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ კურსზე არ მოქმედებდა ფუნდამენტური ფაქტორები, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა სებ-ის ბოლო ინტერვენციით, როდესაც სებ-მა ბაზარზე 60 მლნ დოლარი გამოიტანა, თუმცა ეს თანხა სრულად ვერ იყო ათვისებული. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს იყო პანიკური წილი. ეს ყველაფერი, რომ ფუნდამენტური ფაქტორებით ყოფილიყო გამოწვეული, ცხადია, ეს თანხა მთლიანად იქნებოდა ათვისებული, ვინაიდან ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვევა აუცილებლად იქნებოდა დეფიციტური ვერსია და მიწოდების შემთხვევაში ეს თანხა სრულად იქნებოდა ათვისებული. ეს ასე არ მოხდა, რაც დამაიმედებელი ფაქტია.
როდესაც ფუნდამენტურ ფაქტორებზე ვსაუბრობთ, მინიმუმ ორია ამ პერიოდის გამავლობაში კურსის გამყარების ხელშემწყობი, მათ შორის ტურისტული სეზონი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი და ასევე წმინდა ექსპორტიდან მისაღები შემოსავლები.
მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში იმპორტი იკლებს და ექსპორტის მაჩვენებელი უფრო მაღალია. ასე, რომ ვითარება და პროგნოზი სტაბილურია, იმ დროს, როდესაც ინფლაცია კვლავ მიზნობრივის ფარგლებშია და ასევე სებ-მა მოახდინა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რადგანაც რისკები ვერ დაინახა.
ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე პერიოდში მოსალოდნელია კურსის გამყარება, დასტაბილურება. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გაქვს მცურავი სავალუტო სისტემა, რაც ბუნებრივია, რომ ყველა ტიპის მოვლენაზე რეაგირებს.
გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე, საკმაოდ აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ ვიტყვი, რომ მოხდა პოზიტიური მოვლენა, როდესაც სახელმწიფომ გამოკვეთა კომპანია, რომელიც შესაძლოა, იყოს და იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორი.
საუბარია, ჩინურ-სინგაპურულ კომპანიაზე. პირველი საუბრები უკვე დაიწყო იმაზე, თუ რატომ ჩინური კომპანია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიულ მდებარეობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შუა დერეფნის მთავარი მამოძრავებელი ღერძი, შუა დერეფნის მთავარი იდეა არის სწორედ აზიური ტვირთების გადაადგილება ევროკავშირის მიმართულებით.
შუა დერეფანი კი არის სწორედ ალტერნატივა ძირითად შემთხვევაში რუსული, ჩრდილოეთ დერეფნის. შესაბამისად გაცილებით ლოგიკურია ვისაუბროთ ამ შემთხვევაში ჩინურ ეკონომიკურ ინტერესებზე და ჩინეთის ინტერესზე პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს არის ჯამში სამმხრივი ინტერესი: ევროკავშირი, საქართველო, ჩინეთის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთის მხრივ აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლა. კანდიდატის სტატუსი. მეორეს მხრივ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან და არის ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალაშია უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან.
ასეთი ტიპის უნიკალური შეთანხმებები და ბუნებრივად უნიკალური მდებარეობა საქართველოს აძლევს უპირატესობას, რომ იყოს მთავარი მოთამაშე შუა დერეფნის მიმართულებით. რომ დავაკვირდეთ ევროკავშირისა და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებს, სახეზეა ზრდა.
მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 2024 წლისთვის გაიზრდება დამატებით 30%-ით. დამატებით 30%-იანი ზრდა კი ნიშნავს მეტ შესაძლებლობებს, უზრუნველვყოთ ამ ტვირთების გატარება საქართველოზე. ვაჭრობა ტვირთების გარეშე შეუძლებელია.
ევროკავშირის პირველი პარტნიორი, იმპორტის მიმართულებით არის ჩინეთი. ანუ მთავარი შემსყიდველი ჩინური პროდუქციის არის ევროკავშირი. მეორეა ადგილზეა უკვე აშშ. მე მინდა ხაზი გავუსვა, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, როგორ ვაჭრობენ ჩინეთთან.
ექსპორტის ნაწილში, ევროკავშირის მთავარი პარტნიორი არის აშშ, ხოლო ჩინეთი არის მესამე ადგილზე.
თავად ჩინეთისთვის, ჩინური იმპორტისთვის პირველ ადგილზეა ევროკავშირი. ჩინეთისთვის პირველი საექსპორტო პარტნიორი არის აშშ, ხოლო მეორე საექსპორტო პარტნიორი არის ევროკავშირი.
ისმის კითხვა, სად არის საქართველო ამ შემთხვევაში? როდესაც ჩინეთის, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე ვსაუბრობთ ბუნებრივია, საქართველოს არის ის შუა წერტილი და შუა დერეფანი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების გატარება.
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით გასამმაგდება შუა დერეფნის მოცულობა და ბუნებრივია, რომ გასამმაგებული მოცულობა ნიშნავს მეტ სარგებელს საქართველოსთვის. ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერს საქართველო უნდა დახვდეს მზად, შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტებით.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტებით უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ ტვირთების მოზიდვა.
ასევე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთ სპეკულაციაზე, რომელზედაც საუბარი იყო, თუ ჩინურ-სინგაპურული კომპანია იქნება ეს ყოფილა რუსეთის ინტერესი. სრული აბსურდი. რუკასაც, რომ შევხედოთ შუა დერეფანი განიხილება, როგორც ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატივა.
როგორ შეიძლება რუსეთის ინტერესში შედიოდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის პირდაპირი კონკურენტი რუსეთის ჩრდილოეთის დერეფნის.
უფრო მეტიც, იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი პარტნიორია დაინტერესებული, სულ რამდენიმე დღის წინ EBRD-სა და USAID-ს შორის სომხეთში ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს, სადაც შუა დერეფნის მხარდაჭერაზეცაა საუბარი.
აბსოლუტურად ყველა აქტორი, ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი არიან ჩართულები ყველა პროცესი, რომ დერეფანი განვითარდეს როგორც რუსეთის კონკურენციის ნაწილი.
ბუნებრივია, რომ სწორედ საქართველოს ინტერესია, რომ შუა დერეფანი, შავი ზღვა იყოს ვაჭრობის ხელშემწყობი. ეს არის სწორედ საქართველოს, ევროკავშირისა და ჩინეთის ინტერესი. ამაზე მეტყველებს ევროკავშირის არაერთი პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დაანონსდა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი.
სისულელე იქნება ახლა ვთქვათ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი შესაძლოა, რუსეთის ინტერესი იყოს. არც ერთი ეკონომიკური პროექტი, რომელიც საქართველოზე ევროკავშირის მიმართულებით გადის, რუსეთის ინტერესში არ არის. ეს არის რუსეთის კონკურენტი პროექტები“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება