ფოთის პორტს 2011 წლის აპრილიდან დანიური გიგანტის AP Moller-Maersk Group-ის შვილობილი APM Terminals-ს მართავს.
APM Terminals-ს ფოთის კომერციული ურთიერთობების დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი Business Insder Georgia-თან ამბობს, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში ბოლო წლების განმავლობაში სტაბილური ზრდა ფიქსირდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კი ტვირთების ნაწილი საქართველოს დერეფანში გადმომისამართა, შედეგად ტვირბრუნვის მაჩვენებელი გაიზრდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში ფოთის პორტი 284 საკონტეინერო გემს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64,16%-იანი ზრდაა. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 77,36%-იანი ზრდა ფიქსირდება TEU-ს შემთხვევაში.
„რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა ტვირთბრუნვის მაჩვენებლებზეც აისახა შესაბამისად, დაისახა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმები. მოკლევადიანი გეგმის ფარგლებში, გარე ტერმინალებთან ერთად კონტეინერების დამუშავების ერთობლივ დაგეგმვასთან ერთად, APM ტერმინალს ფოთის მიერ განხორციელდა ინვესტიცია ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების მიზნით და ნაყარი ტვირთების დამუშავება ხორციელდება თანამედროვე ე.წ. როტეინერის პრინციპით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გემის დამუშავების დროს და ამავდროულად გარემოს იცავს მავნე ნივთიერებების გამოფრქვევისგან”, - აცხადებს APM Terminals-ს ფოთის კომერციული ურთიერთობების დირექტორი.
ზვიად ჩხარტიშვილი გვეუბნება, რომ ტვირბრუნვის დაგეგმილზე მეტად მატებამ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოშვა, რომელიც პორტის შიდა ტერიტორიაზე არსებული როგორც ღია, ასევე დახურული სასაწყობე მეურნეობის სიმცირესთან არის დაკავშრებული.
„მოკლევადიან პერიოდში აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად APM ტერმინალს ფოთის მიერ ინიცირებულ იქნა შეხვედრის ორგანიზება ფოთის ტერიტორიაზე განლაგებული ტერმინალების, საზღვაო ხაზების და გემის აგენტების წარმომადგენლებთან და მიღწეულ იქნა შეთანხმება კონტეინერების და ტვირთების დამუშავების დაგეგმვა განხორციელდეს ურთიერთშეთანხმებით, რაც ამ დრომდე წარმატებულად მუშაობს”, - გვიხნის APM Terminals-ს ფოთის კომერციული ურთიერთობების დირექტორი.
APM ტერმინალს ფოთი, როგორც საერთაშორისო ვეროპული ბრენდი, მუდმივად ზრუნავს არსებული პროცესების გაუმჯობესებასა და თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაზე. შესაბამისად კომპანიას აქვს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმები.
„მოკლევადიანი გეგმის მიხედვით ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მომატებულ ტვირთნაკადს, რადგან ჩვენმა დერეფანმა არ დაკარგოს მიმზიდველობა; ხოლო სამომავლო გეგმებში შედის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც განხორციელდება APM ტერმინალსის სახსრებით ჩვენს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ახალი ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში, დაგეგმილია დამცავი მოლოს მშენებლობა, პორტის აკვატორიის დაღრმავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვემსახუროთ შავი ზღვის აუზში მოძრავ ყველა კლასიფიკაციის გემს. ახალი პორტის მშენებლობა სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ნავსადგურს, ქალაქ ფოთს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას. პორტის გაფართოების პროექტი ნიშნავს მეტ ევროპულ ინვესტიციას საქართველოში, ასეულობით სამუშაო ადგილის შექმნას და განახლებულ ინფრასტრუქტურას”, - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.
ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ ახალი პორტის გამტარუნარიანობა ფოთის ნავსადგურს გადააქცევს არა მხოლოდ ტვირთების და კონტეინერების გამტარ პორტად, არამედ ფოთის ნავსადგური შეიძენს შუა დერეფნის შემკრებ-გამანაწილებელი პორტის ფუნქციას, რომელშიც განხორციელდება ლოგისტიკის ჯაჭვის დამატებული ღირებულების წარმოქმნა. APM ტერმინალს ფოთის კომერციული ურთიერთობების დირექტორი გვეუბნება, რომ კომპანია აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნით დაინტერესებულ ყველა უწყებასა და კომპანიასთან, რათა შუა დერეფნის მიმზიდველობა გაიზარდოს.
“ჩვენ თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, შუა დერეფანი წლიდან წლამდე ვითარდებოდა როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ დერეფნების ალტერნატიული დერეფანი და მიუხედავად კონკურენტ დერეფნებთან სატარიფო და გადაზიდვის დროის სხვაობისა, იგი ხასიათდებოდა სტაბილურობით და ძირითადი მიმზიდველი ფაქტორი იყო ლოგისტიკის ჯაჭვის უწყვეტობა. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად რუსეთზე დაკისრებული საქციებით გამოწვეული შეფერხებების გამო ჩრდილოეთ დერეფანზე გამავალი კონტეინერების და ტვირთების ნაწილი გადმომისამართდა შუა დერეფანში. ასევე, ირანზე დაკისრებული სანქციების შედეგად სამხრეთ დერეფნის ნაკადების ნაწილიც შუა დერეფანზე არის გადმომისამართებული, რაც შუა დერეფნის მიმზიდველობას საგრძნობლად ზრდის. ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, ეიპიემ ტერმინალს ფოთი აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის ყველა დაინტერესებულ უწყებასა და კომპანიასთან, რათა ურთიერთთანამშრომლობით ავამაღლოთ შუა დერეფნის მიმზიდველობა და ალტერნატიული დერეფნიდან გადავაქციოთ კონკურენტუნარიან დერეფნად, რომელიც სტაბილურ ზრდას განაგრძობს ომის და სანქციების დასრულების შემდგომ პერიოდშიც”, - ამბობს ჩხარტიშვილი.
უახლესი