მწარმოებლების იმ ნაწილს, რომელიც შაქრის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან ახდენს, შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი არ შეეხება.
როგორც ,,ბუმ გრუპის" კომერციული დირექტორი ბესარიონ ურუმაშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, ნედლეული საფრანგეთიდან შემოაქვთ, რაც ნიშნავს, რომ საგადასახადო ცვლილება მათზე არ იმოქმედებს.
„წარმოებისთვის შაქარი საფრანგეთიდან შემოგვაქვს, რომელიც ხარისხით გამოირჩევა და წარმოებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. თვითღირებულებაში შიგთავსის ნახევარი შაქარზეა. მთლიან პროდუქტში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს. საერთაშორისო ბირჟებზე 1 ტონა შაქრის ფასი 700 დოლარის ფარგლებშია. ამ თანხას ემატება 200 დოლარი საზღვაო და საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფი, სადილერო მომსახურება და სხვა. დღგ-ს ჩათვლით, რაც შემოგვაქვს, 1 ტონა შაქრის ხარჯი 1000 დოლარამდეა. ამ ფასს შევინარჩუნებთ, საგადასახადო ცვლილება ჩვენ არ გვეხება", - განმარტავს ბესარიონ ურუმაშვილი.
მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება და შაქრის იმპორტს სამომავლოდ დუბაიდან განახორციელებენ.
„საფრანგეთის შემდეგ, ჩვენთვის მისაღები ვარიანტი დუბაის შაქარია, რომელიც ხარისხით ასევე გამორჩეულია. შეთანხმება მიღწეულია და ველოდებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების გააქტიურებას, საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, როგორც კი მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდება, უკვე დუბაიდან განვახორციელებთ იმპორტს, დღესდღეობით მაღალი მოსაკრებელია და ამიტომ საფრანგეთიდან შემოგვაქვს", - ამბობს ბესარიონ ურუმაშვილი.
ცნობისთვის, შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდება, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 ივლისამდე იქნება. 1 კილოგრამზე გადასახადი 40 თეთრით განისაზღვრა ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის საფასური 400 ლარი იქნება.
დასახელებული ცვლილება და მომსახურების საფასურის ახალი განაკვეთი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე გამოყენებულ იქნება საგადასახადო შეღავათი.
უახლესი