დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შაქრის ბაზარზე უკონკურენტო გარემოა, რამაც ფასის ზრდა დაასტიმულირა - იმპორტიორის შეფასება

შაქრის ბაზარზე უკონკურენტო გარემოა, რამაც ფასის ზრდა დაასტიმულირა - იმპორტიორის შეფასება

05-12-2023 16:25:21

ერთი თვეც არ არის, რაც შაქრის იმპორტზე გადასახადი დაწესდა და ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტი მნიშვნელოვნად გაძვირდა. 

კერძოდ, 2023 წლის 11 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმპორტის საფასურის დაწესების შესახებ, რასაც ბაზარზე მყისიერად მოჰყვა რეაგირება. 

ამ დროისთვის 1 ტომარა შაქრის ფასი საბითუმო ბაზარზე დაახლოებით 7%-ით არის გაძვირებული, თუმცა პროდუქტი გაცილებით ძვირია და საცალო გაყიდვების ქსელში და ფასი დაახლოებით  20%-ით არის გაზრდილი. 

კერძოდ, თუკი გადასახადის დაწესებამდე 1 ტომარა შაქრის ღირებულება 118 ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 126 ლარია. რაც შეეხება სუპერმარკეტების ფასს, 1 კგ. შაქრის ღირებულება დაახლოებით 1 თვის წინ 2,35 ლარი იყო, დღეს ფასმა 2,80 ლარიან ნიშნულს მიაღწია.

ინდმეწარმე თენგიზ ფაცაცია, რომელიც შაქრის იმპორტიორების TOP- ათეულშია, აცხადებს, რომ გადასახადის დაწესებამ ბაზარზე უკონკურენტო გარემო შექმნა, რამაც ფასის ზრდა დაასტიმულირა.

„სამომხმარებლო ბაზარზე შაქარი მკვეთრად არის გაძვირებული, რაც პირდაპირ უკავშირდება გადასახადის დაწესებას, რის გამოც კომპანიები აღმოჩნდნენ უკონკურენტო ვითარებაში.

ჩვენ იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან ვაწარმოებდით, ბოლო პერიოდში იძულებული ვართ ერთადერთი კომპანიისგან ვიყიდოთ პროდუქტი - ,,აგარის" ქარხნისგან, რომელიც დღეს ბაზარზე მთავარი მოთამაშეა. სანამ დისტრიბუციამდე მივა პროდუქტი, ფაქტობრივად ორჯერ არის გაძვირებული იმასთან შედარებით, რა ფასადაც დისტრიბუცია ყიდულობს და ყიდის", - აცხადებს იმპორტიორი.

რაც შეეხება ,,აგარის" ქარხნის პოზიციას, Busienss Insider Georgia შეეცადა მისი არგუმენტიც  მოესმინა, თუმცა ჩვენთან საუბრისას ქარხნის დირექტორმა ალხან ალიზადემ განაცხადა, რომ გამოცემის კითხვებს მოგვანებით უპასუხებს. 

როგორც კი შესაბამის ინფორმაციას მივიღებთ, Busienss Insider Georgia ოპერატიულად შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება.

1 კილოგრამზე გადასახადი 40 თეთრით განისაზღვრა ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის საფასური  400 ლარი გახდა.

მწარმოებლების იმ ნაწილს, რომელიც შაქრის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან ახდენს, შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი არ შეეხება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები