დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ BARTA-ს დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ BARTA-ს დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

18-12-2023 12:25:00

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ, მსოფლიო ბანკისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის (RSF) მხარდაჭერით ორგანიზებულ, საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაში, რაშიც BARTA-ს განსაკუთრებული წვლილი აქვს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს კონკურსს მისი დაარსების დღიდან. საერთო ძალისხმევის შედეგად, საქართველოში ხდება გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, რაშიც განსაკუთრებული წვლილი BARTA-ს მიუძღვის. კომპანიათა გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი კი ქმნის ნდობის საფუძველს კაპიტალის ბაზარზე. როდესაც კომპანიის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგება კარგად გადმოსცემს კომპანიის ხედვებს, მიზნებს, რისკების შეფასებას, შიდა პოლიტიკას, ეს ზრდის ინვესტორების და მომხმარებლების ნდობას."- განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების კორპორაციული მართვის კოდექსზე, რომელიც ძალაში 2022 წლის 1-ელ იანვარს შევიდა და სხვა საკითხებთან ერთად, მწვანე, სოციალური და მდგრად პრინციპებთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ BARTA-ს კონკურსის ერთ-ერთი ნომინაცია საუკეთესო მდგრადობის ანგარიშია.

"BARTA-ს დაჯილდოება წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მდგრადი განვითარების საქმეში. დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. მოხარული ვარ, რომ ჩვენს შრომას ბაზრის მონაწილეების მხრიდანაც მოჰყვა შესაბამისი აქტივობა და მიმდინარე წელს საქართველოში ESG ობლიგაციების 7 ემისია განხორციელდა, რომლის მოცულობამ 760 მილიონი ლარი შეადგინა."- განაცხადა სებ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 15 დეკემბერს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა. კონკურსის ჟიურის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებიც. კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაშვებული ანგარიშვალდებული საწარმოები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები