სებ-ის არის დამოუკიდებელი ორგანო და მის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას ფინანსური სტაბილურობისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა, - ამის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. შამუგიას თქმით, ის აქამდე მთავრობიდან აკვირდებოდა სებ-ის მუშაობას და ახლა უწევს სებ-ის საქმიანობაში აქტიური ჩართვა. შამუგიას თქმით, სებ-ის გადაწყვეტილებებით უნდა მოხდეს ბალანსის დაჭერა, მან უნდა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა და ხელი არ შეუშალოს ეკონომიკის განვითარებას.
„ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, რომ სებ-ი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. ბანკის მთავარი ამოცანა არის, რომ ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოს და ასევე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება უზრუნველყოს. იმავდროულად სებ-ის ერთ-ერთი ამოცანა არის, რომ ამ ამოცანების დაზიანების გარეშე ეკონომიკური განვითარება არ შეაფერხოს და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება უშუალოდ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, სებ-ი განიხილავს, კეთდება ანალიზი და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. თავისთავად ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს ეკონომიკურ ფაქტორებზე და ანალიზზე დაფუძნებული და მან უნდა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა და ხელი არ შეუშალოს ეკონომიკის განვითარებას. ამ ბალანსის დაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბანკი ამას ახორციელებს და ჩემი მხრიდან სებ-ში მისვლის შემდეგ დეტალურად მინდა გავეცნო არსებულ დოკუმენტაციას და სტანდარტებს, რაც ბანკის საბჭოს მიერ და შესაბამისი სამსახურების მიერ და გავაკეთო ანალიზი რა მიმართულებით შეიძლება მოხდეს გაუმჯობესება. პროცესი დინამიურია და მუდმივ რეჟიმში იცვლება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
უახლესი