დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საუდის არაბეთში ქართულ ცხვარზე მოთხოვნა იზრდება, გამოფენიდან სამი კონტრაქტით დავბრუნდით - ,,აგროქიზიყი"

საუდის არაბეთში ქართულ ცხვარზე მოთხოვნა იზრდება, გამოფენიდან სამი კონტრაქტით დავბრუნდით - ,,აგროქიზიყი"

14-11-2023 10:29:22

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და ახალი პარტნიორული კავშირების გასამყარებლად საერთაშორისო გამოფენების როლი ძალიან დიდია. სულ ახლახან საუდის არაბეთში გაიმართა Saudi Agriculture International Trade Exhibition, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით განხორციელდა.  

მხოლოდ ერთი კომპანიის მაგალითზეც რომ ვისაუბროთ, შედეგი საკმაოდ დიდია, რასაც ბიზნესი გამოფენიდან ელოდება.

`აგროქოზიყის" შემთხვევაში, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბექა გონაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს,  ეს არის სამი ახალი კონტრაქტი, რომელიც პოტენციურ პარტნიორებთან გაფორმდა და თანამშრომლობა უკვე გაზაფხულიდან გაღრმავდება.

„ჩვენი პროდუქციის რეკლამირებისთვის გამოფენებში მონაწილეობა აუცილებელია. სეგმენტიდან გამომდინარე, ექსპორტზე აღმოსავლეთის ქვეყნებზე ვართ ორიენტირებული. შესაბამისად, შეგვიძლია გამოფენის ფარგლებში ჩვენი პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებლებს, შევხვდეთ პოტენციურ მყიდველს და დავამყაროთ  ახალი პარტნიორული კავშირები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თითო გამოფენიდან დაახლოებით 2-3 კონტრაქტი მაინც ფორმდება, ანალოგიურ შედეგს მივაღწიეთ საუდის არაბეთში გამართულ გამოფენაზეც. ამ ეტაპზე ფიზიკურად არ არის იმდენი ცხვარი, რა მოთხოვნაც ფიქსირდება. ამიტომ გაზაფხულიდან, კერძოდ, რამადანის პერიოდისთვის, თანამშრომლობას გავაღრმავებთ", - ამბობს ბექა გონაშვილი.

„აგროქიზიყის" დამფუძნებლის ინფორმაციით, საუდის არაბეთში იგეგმება როგორც ცოცხალი პირუტყვის, ასევე ცხვრის ხორცის ექსპორტი.

„აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ, რაზეც მუშაობა პრაქტიკულად დაწყებულია. ძირითადად საუდის არაბეთში ვაპირებთ ექსპორტს, ეს ეხება როგორც  ცოცხალი პირუტყვს, ასევე ხორცსაც, რაზეც დიდი მოთხოვნა ფიქსირდება", - ამბობს გონაშვილი.

რაც შეეხება ფასს, ექსპორტზე  ცხვრის ღირებულება გაიზარდა და 350 ლარს შეადგენს.  ხორცის ფასი კი 22 ლარის ფარგლებშია. 

ცნობისთვის, კომპანია „აგროქიზიყი“ 2011 წელს, დედოფლისწყაროში დაფუძნდა. წლების განმავლობაში, კომპანიამ გააფართოვა ფერმერთა მომსახურებისა და სერვისების სპექტრი.

აგროქიზიყი"  მომხმარებელს სთავაზობს ვეტ.მომსახურებას, ვეტ.პრეპარატებს, ხელოვნური განაყოფიერების მომსახურებას,მცენარეთა დაცვას, პრეპარატებს, ცხოველთა და ფრინველთა კვებას. აგრონომის, ვეტერინარის კონსულტაციას და სხვა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები