დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილის სასარგებლოდ ანგარიშზე $750 მლნ-ის დადება დაავალა

სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილის სასარგებლოდ ანგარიშზე $750 მლნ-ის დადება დაავალა

13-11-2023 21:02:08

სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ (SICC) რამდენიმე დღის წინ მიღებული განაჩენით, Credit Suisse-ის სინგაპურულ სატრასტო შვილობილს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ სინგაპურის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე $750 მილიონი დოლარის განთავსება დაავალა.

ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, თუკი კომპანია განაჩენით განსაზღვრულ თანხას ანგარიშზე არ განათავსებს, მაშინ დაუყოვნებელი აღსრულების პროცედურა დაიწყება.

ივანიშვილის და Credit Suisse-ის დავა თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ბიზნესმენის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა.

სინგაპური არაა ერთადერთი იურისდიქცია, სადაც თაღლითობის საქმესთან მიმართებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ვერდიქტში მოსამართლე მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი პასუხისმგებელია პირადი ბანკირის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ქმედებებზე და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. 2020 წლის ზაფხულში ლესკადრონმა თავი მოიკლა.

თავად Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა. ამჟამად ბანკის აქტივები და ვალდებულებები UBS-ის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ეს უკანასკნელი 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად შეიძინა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები