2023 წლის ნოემბერში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 215.74 მლნ ლარი.
საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.57%-ზე დაფიქსირდა.
გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 80 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები, მათ შორის გამოსყიდულ იქნა 30 მლნ ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელმა მცირე ცვლილებები განიცადა.
2023 წლის 30 ნოებრისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 42.6% ფორმირებულია (წინა პერიოდში 42% იყო) იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 3-5 წლის განმავლობაში.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 1-დან 3 წლამდე ობლიგაციებს (დაახლოებით 24%). ეს უკანასკნელი მაჩვენებელი წინა პერიოდშიც (ოქტომბერი) იგივე 24%-ზე იყო.
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (ოქტომბერი 2.03) შედარებით გაიზარდა და 2.71 შეადგინა.
სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით.
სახაზინო ობლიგაცია არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. ამჟამად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1-დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყიდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონი ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ გამოცხადებულ აუქციონის თარიღებში. ფასიანი ქაღალდების მფლობელი შეიძლება გახდეს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, რეზიდენტები და არარეზიდენტები. ფასიანი ქაღალდების შეძენა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მეშვეობით. თითოეული ბანკის მიერ აუქციონზე წარდგენილი საკუთარი განაცხადების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 75%-ს. თითოეული ბანკის მიერ წარდგენილი ერთი კლიენტის განაცხადების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 50%-ს.
როგორც წესი, სამთავრობო ფასიანი ქაღალდები ხასიათდება მინიმალური რისკიანობითა და მაღალი ლიკვიდურობით. სახაზინო ფასიანი ქაღალდები ემსახურება ფინანსური ბაზრების განვითარებას. განვითარებული ფულადი ბაზრის პირობებში კი იზრდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება, მიმოქცევა, აღრიცხვა და დაფარვა რეგულირდება შესაბამისი დებულებით.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა