2013-2022 წლებში ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა 44%-ით და $6,6721 შეადგინა. ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში „შინამეურნეობების შემოსავლები და შემოსავლების უთანასწორობა საქართველოში“ არის აღნიშნული.
როგორც PMC Research-ში აცხადებენ, ამავე პერიოდში აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 26.2%-დან 15.6%-მდე, ხოლო უმუშევრობის დონე 26.4%-დან 17.3%-მდე შემცირდა.
„მიუხედავად ამ პოზიტიური ტენდენციებისა, საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ სიღარიბე და მასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა უმუშევრობა და დაბალი ხელფასები, კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქართული საზოგადოებისთვის. CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2013 წელს რესპონდენტთა 30% მიიჩნევდა, რომ სიღარიბე ქვეყნის მასშტაბით მთავარი პრობლემა იყო და ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა 2022 წელს. უფრო მეტიც, უთანასწორობის სხვადასხვა საზომიდან, როგორიცაა GINI კოეფიციენტი, ჩანს, რომ შემოსავლების უთანასწორობა საქართველოში მაღალ ნიშნულზეა, 0.36 ქულა 2022 წლის მონაცემით. წინამდებარე ბიულეტენი მიზნად ისახავს საქართველოში შინამეურნეობების შემოსავლების განაწილების ანალიზს და შემოსავლების უთანასწორობის გაანალიზებას GINI კოეფიციენტის ტრადიციული საზომის მიღმა, შემოსავლის გადანაწილების დამატებითი მაჩვენებლების შესწავლით. უფრო კონკრეტულად კი ბიულეტენში შედარებული იქნება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის შემოსავალი, შინამეურნეობების შემოსავალები სასოფლო და საქალაქო ტიპის დასახლებებში და საქართველოს რეგიონებში.
ბოლო ათწლეულში საქართველოში GINI ინდექსის საშუალო მაჩვენებელი 0.4 იყო, რაც აღნიშნავს შემოსავლების მაღალ უთანასწორობას. თუმცა 2018 წლიდან GINI ინდექსის მაჩვენებელმა კლება დაიწყო და 0.4 ქულის ნიშნულს ჩამოსცდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო გადავიდა შემოსავლების შედარებით უთანასწორო კატეგორიაში. უკანასკნელ ათწლეულში GINI ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა - 0.36 ქულა. GINI ინდექსის შემცირების მიუხედავად, საქართველოს კვლავ აქვს უთანასწორობის უფრო მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირის, შავი ზღვის რეგიონისა და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.
ბოლო ათწლეულში, საქართველოში შინამეურნეობების ნომინალური მედიანური შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2013 წლიდან 2022 წლამდე ეს მაჩვენებელი 75%-ით გაიზარდა და 1,145 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი - 20%-იანი ზრდა 2022 წელს დაფიქსირდა. თუმცა, თუ ბოლო ათწლეულში საქართველოში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს (საშუალოდ წლიური 5%) გავითვალისწინებთ, ინფლაციაზე მორგებული შინამეურნეობების მედიანური შემოსავალი ნომინალურთან შედარებით საკმაოდ განსხვავებულ ტენდენციაზე მიუთითებს. მაგალითად, 2013 წლიდან 2022 წლამდე შინამეურნეობების რეალური მედიანური შემოსავალი მხოლოდ 15%-ით გაიზარდა და 745 ლარი შეადგინა.
საქართველოში, შინამეურნეობების შემოსავლების გადანაწილების შესასწავლად, განვიხილეთ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი მათი შინამეურნეობების კვინტილებად დაყოფით. თითოეული კვინტილი წარმოადგენს მოსახლეობის 20%-ს, პირველი კვინტილი მოიცავს ყველაზე დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებს, ხოლო მეხუთე კვინტილი - ყველაზე მაღალშემოსავლიან შინამეურნეობებს. კვინტილების მიხედვით შინამეურნეობების შემოსავლების განაწილების ანალიზით ცხადი ხდება, რომ: ბოლო ათწლეულში შინამეურნეობების ნომინალური მედიანური შემოსავალი გაიზარდა საზოგადოების ყველა სეგმენტში, ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა II, III და IV კვინტილში. I და V კვინტილებში შემოსავლების ზრდა შედარებით დაბალი იყო. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად უმნიშვნელო კლებისა, სხვაობა შინამეურნეობების ნომინალურ მედიანურ შემოსავალებს შორის ყველაზე მდიდარ 20%-სა (V კვინტილი) და ყველაზე ღარიბ 20%-ს (I კვინტილი) შორის მნიშვნელოვანი რჩება. 2022 წელს V კვინტილში შინამეურნეობების ნომინალური მედიანური შემოსავალი 7.3-ჯერ აღემატებოდა I კვინტილს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ირკვევა, რომ გასულ ათწლეულში, ყველაზე დაბალი შემოსავლიანი სეგმენტის (I კვინტილი) ძირითადი შემოსავლის წყარო იყო პენსიები, სტიპენდიები და დახმარება, ხოლო დასაქმებიდან მიღებულ შემოსავალს დაბალი წილი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი 2013 წელს 47%-დან 2022 წელს 56%-მდე გაიზარდა, ხოლო დასაქმების წილი 15%-დან 10%-მდე შემცირდა. გასულ ათწლეულში, ყველაზე მაღალშემოსავლიანი სეგმენტის (V კვინტილი) ძირითად შემოსავლის წყაროს დასაქმება წარმოადგენდა, ხოლო პენსიების, სტიპენდიების და დახმარების წილი მცირე იყო. ამ სეგმენტისთვის ბოლო ათწლეულში დასაქმებიდან მიღებული შემოსავლის წილი 50%-დან 56%-მდე გაიზარდა, ხოლო პენსიების, სტიპენდიებისა და დახმარების წილი - 5%-დან 9%-მდე.
I, III და V კვინტილების შემოსავლის წყაროებში შეინიშნება პოზიტიური კორელაცია დასაქმებიდან მიღებული შემოსავლის მაღალ წილსა და შემოსავლის მაღალ დონეს შორის. ხოლო პენსიების, სტიპენდიებისა და დახმარების მაღალი წილი ასოცირდება დაბალ შემოსავალთან. აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე სეგმენტი უფრო მეტად გახდა დამოკიდებული სახელმწიფოს სოციალურ დახმარებასა და ფულად გზავნილებზე.
უახლესი
21 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა