დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში საკმაოდ მზარდია სატვირთო ავიაციის ფლოტი, რაც სამომავლოდ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების დინამიკაზე დადებითად აისახება - გიორგი სეთურიძე

საქართველოში საკმაოდ მზარდია სატვირთო ავიაციის ფლოტი, რაც სამომავლოდ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების დინამიკაზე დადებითად აისახება - გიორგი სეთურიძე

27-08-2024 10:00:00

საჰაერო სატვირთო გადაზიდვები საკმაოდ დადებითი დინამიკით ხასიათდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას ქართული სატვირთო ავიაკომპანია CAMEX Airlines-ის დირექტორი გიორგი სეთურიძე აცხადებს. მისი განმარტებით, საქართველოში საჰაერო გზით გადმოზიდვების ძირითადი მასტიმულირებელი არის E-commerce.

„თუ არ მეშლება, გადმოზიდვების მოცულობა გაუთანაბრდა კოვიდამდელი პერიოდის მაჩვენებლებს და ოდნავ გადაასწორო კიდეც. იმიტომ, რომ E-commerce არის ამის ძირითადი მასტიმულირებელი. ასევე საქართველოში საკმაოდ მზარდია სატვირთო ავიაციის ფლოტი, რაც სამომავლოდ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების დინამიკაზე დადებითად იმოქმედებს. საჰაერო სატვირთო გადაზიდვები სტაბილურია ამ დროისათვის და წლის ბოლოსთვის ანალოგიურად შენარჩუნდება“, - აცხადებს სეთურიძე.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 46.9 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 112.1 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (4.6-ჯერ), ისე ტვირთბრუნვის (6.7-ჯერ) მოცულობა.

CAMEX Airlines-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით ძირითადი იმპორტიორი არის ევროპა, ამერიკა და ჩინეთი.

„თურქეთიდან  ტვირთი ძირითადად სახმელეთო გზით შემოდის, ხოლო ის საჰაერო ტვირთი, რომელიც თურქულ ავიაკომპანიებს შემოაქვთ ძირითადად არის ამერიკული და ევროპული ტვირთი, რომელიც ქვეყანაში ტრანზიტული გზით, თურქეთიდან შემოდის. 

თავად თურქული წარმოშობის ტვირთი ქვეყანაში მეტწილად ავტოტრანსპორტით შემოაქვთ“, - აცხადებს სეთურიძე.

ხოლო რაც შეეხება კითხვას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში და საქართველოდან ტვირთებს უმეტესწილად ქართული ავიაკომპანიები ემსახურებოდნენ, CAMEX Airlines-ის დირექტორი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ დროის და აღნიშნული კომპანიებს კომერციული სტრატეგიის ნაწილია. 

„საქართველოში საჰაერო ტვირთების შემომტანი არიან ის ავიაკომპანიები, რომლებიც აღმოსავლეთის მიმართულებით ასრულებენ ცარიელ რეისებს და მათ უღირთ, რომ ევროპიდან ტვირთი წამოიღონ და საქართველოში დატოვონ და შემდეგ გააგრძელონ გზა. ეს ერთის მხრივ კარგია, რომ თვითღირებულებაზე დაბალი ფასი უჯდება მომხმარებელს, მაგრამ მეორე მხრივ არის დისკომფორტი, რადგანაც ექსპორტი საქართველოდან იგივე მიმართულებით ზოგჯერ შეუძლებელია, რომ გააკეთო რადგანაც ხანდახან ევროპის მიმართულებით სატვირთო რეისების სერვისი არ არის. ასეთ რეისებს ძირითადად უცხოური: ევროპული და თურქული ავიაკომპანიები ასრულებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე გაჩნდა ისეთი ქართული ავიაკომპანიები, რომლებიც აღმოსავლეთის მიმართულებით დიდი საჰაერო ხომალდით ასრულებენ რეისებს და აქვთ საშუალება, რომ ეს ტვირთი წამოიღონ. ყველაფერი დროის ამბავია და ასევე კომპანიების კომერციული სტრატეგიის“, - ამბობს სეთურიძე. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები