სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ აქვს.
„საქსტატის“ განმარტებით, ტერმინი „მუდმივი მოსახლეობა“ საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება.
„სოციალური ქსელებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია 2024 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგიის შესახებ და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას. კერძოდ, არასწორად არის მიწოდებული ინფორმაცია აღწერაში გამოყენებული ტერმინის „მუდმივი მოსახლეობის“ შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (UN) მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება. შესაბამისად, გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით, პირი ითვლება მუდმივ მაცხოვრებლად, თუ ის კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობს. ამ მეთოდოლოგიას გაეროს წევრი 200-მდე ქვეყანა იყენებს და არჩევნებში პირის მონაწილეობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ არის. იგი საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება.
უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიურ პირობებში არიან ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც წლებია სხვადასხვა ქვეყნებში (გერმანია, საბერძნეთი, აშშ, იტალია და ა.შ.) ცხოვრობენ, არიან შესაბამისი ქვეყნისთვის მუდმივი მოსახლეობა, მაგრამ ეს მათ იმ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.
ამასთან, აღწერა არჩევნების შემდეგ (2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში) ტარდება, შედეგები კი 6 თვეში გამოქვეყნდება და შესაბამისად, ერთმანეთთან შემხებლობაში არ არის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა