PISA-ს განათლების კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების დაახლოებით 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო და მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდა.
ეს მოსწავლეები შეიძლება ჩაითვალონ აკადემიურად მდგრადებად, რადგან მიუხედავად სოციოეკონომიკური სტატუსისა, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს. შედარებისთვის, OECD-ის ქვეყნებში, ეკონომიკურად შეჭირვებული მოსწავლეების მხოლოდ 10%-მა მიიღო მათემატიკაში უმაღლესი შეფასება და შეძლო მიღწევების ზედა 25%-ში მოხვედრა.
საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 7.3% იყო PISA-ს სოციო-ეკონომიკური სკალის ქვედა მეხუთედში რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შედიოდნენ ყველაზე შეჭირვებულ მოსწავლეთა შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2022 წლის ციკლში. ამ მოსწავლეების საშუალო მიღწევა მათემატიკაში 356 ქულას შეადგენს. საქართველოს მსგავსი სოციო-ეკონომიკური ფონი ჰქონდა ყოველ მესამე მოსწავლეს თურქეთსა და ვიეტნამში.
2015-2022 წლებში, საქართველოში სოციო-ეკონომიკური სტატუსით გამოწვეული განსხვავება მათემატიკის შედეგებში შემცირდა, ხოლო OECD-ის ქვეყნებში საშუალო სხვაობა სტაბილური დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში სოციო-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა (სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ზედა 25%) მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს (ქვედა 25%). ეს მაჩვენებელი ნაკლებია OECD-ის ქვეყნებში ანალოგიურ ორ ჯგუფს შორის საშუალო სხვაობაზე (93 ქულა).
PISA 2022-ის შედეგები გვიჩვენებს, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით მათემატიკაში 5.4%-ით გაიზარდა და 66.45% შეადგინა იმ მოსწავლეების წილმა, რომლებიც მე-2 საბაზო დონეს ქვემოთ არიან.
2022 წლის ეს შედეგი 2015 წლის ციკლთან მიმართებაში 9.35%-ით ზრდას გვიჩვენებს. ეს მატება ხდება ე.წ. საშუალო დონეზე მყოფი მოსწავლეების პროცენტის შემცირებით, რაც 2015 წელთან მიმართებაში ჯამურად 8.94 პროცენტს შეადგენს.
ამასთანავე, 2015 წელთან შედარებით შემცირებულია იმ მოსწავლეთა პროცენტული წილი, რომლებმაც უმაღლესი დონე დაძლიეს (0.19%).
საქართველოს ეს მაჩვენებელი უმაღლესი (მე-6 დონის) მიღწევის შემთხვევაში მსგავსია PISA 2022-ში მონაწილე ისეთი ქვეყნების, როგორებიცაა: ყაზახეთი, ტაილანდი და მალაიზია. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებშიც მოსწავლეთა დაახლოებით ისეთივე პროცენტი ვერ აღწევს მე-2 საბაზო დონეს, როგორც საქართველოში, ესენია: ჩრდილოეთ მაკედონია, პერუ, მექსიკა და ტაილანდი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა