დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში დაახლოებით 30 ათასი კილომეტრის სიგრძის გაზსადენს ვფლობთ - Socar Gas-ი

საქართველოში დაახლოებით 30 ათასი კილომეტრის სიგრძის გაზსადენს ვფლობთ - Socar Gas-ი

11-12-2024 14:00:00

საქართველოში დაახლოებით 30 ათასი კილომეტრის გაზსადენს ვფლობთ, - ამის შესახებ Business Insideer Georgia-ს Socar Gas-ში განუცხადეს.

ამასთან, კომპანიაში განაცხადეს, რომ Socar Gas-ი გაზსადენების პრივატიზაციას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახდენს.

„ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს მიერ აშენებული მილსადენების ან გაზსადენების პრივატიზებას ვახორციელებთ, იმისთვის, რომ შემდეგ დავართოთ ქსელზე და მოსახლეობას მივაწოდოთ გაზი. რაც შეეხება განვადებას, რაც თანხის ეტაპობრივად დაფარვას ითვალისწინებს, მილსადენების ამ ხელშეკრულებით გადმოცემა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ გაზის ტარიფზე ზეწოლა არ მოხდეს. რადგან, როდესაც ხდება ინვესტირება, ეს აისახება ტარიფში“,- აცხადებენ კომპანიაში.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas-ისთვის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ათეული გაზსადენის პირდაპირი წესით მიყიდვის გადაწყვეტილებას.

განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2 დეკემბერს მოაწერა, რომლის თანახმადაც,  19,8 მლნ ლარად ($7 მლნ.) იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯამში 41 გაზსადენის პრივატიზება უნდა განხორციელდეს. პრივატიზაციის პროცესი  17 წელზეა გათვლილი, ხოლო სახელმწიფოსთვის თანხის გადახდა 2032 წლიდან დაიწყება.  Socar Gas-ი სახელმწიფოს 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 2 მლნ ლარს გადაუხდის.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს.

საქართველოში, კომპანია „SOCAR"-ის აფილირებული კომპანიები გაზის სექტორში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" და სს „საქორგგაზი" არიან, შემდგომში ერთობლივად წოდებული - „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი.

„სოკარ გაზი”-ს ჯგუფის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობა; მოსახლეობის გაზმომარაგებით უზრუნველყოფა; ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.

„სოკარ გაზი”-ს ჯგუფი დღეისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი გაზის მომარაგებით 851 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს. მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით ემსახურება 37 სერვისცენტრი და 5 ფრონტ ოფისი, ასევე თანამედროვე სატელეფონო მომსახურების ცენტრი - 16 114. „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, მის ჯგუფში გაერთიანებულ კომპანიებში დასაქმებულია 3200-ზე მეტი ადამიანი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები