საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს საშუალოდ გაიზრდება შემცირებული საგარეო მოთხოვნისა და სერვისების ზრდის შემცირების ფონზე, ხოლო 2025 წელს მეტი ზრდაა მოსალოდნელი, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.
აზიის განვითარების პროგნოზი აპრილი 2024, ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაცია, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2024 წელს 5%-ით ვარაუდობს, რაც 2025 წელს 5.5% გახდება ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის ფონზე.
“საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში განუხრელად იზრდება,” განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. “ყურადღების გამახვილება რეგიონულ თანამშრომლობაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და უფრო მწვანე და კლიმატგამძლე ეკონომიკაზე გადასასვლელად საჭირო პოლიტიკის გატარება ქვეყანაში შექმნის დოვლათს და მოსახლეობის სოციალურ დაცვას გააძლიერებს.”
2024 წელს ინფლაციის მცირედ, 3.5%-მდე ზრდას ელოდებიან, ხოლო 2025 წელს 4%-მდე, სამომხმარებლო ფასების მცირედი ზრდის ფონზე. ფისკალური დეფიციტი დააკმაყოფილებს მთავრობის ფისკალურ წესს და 2024 და 2025 წლებში მშპ-ს 3%-ს არ აცდება, რაც განპირობებულია საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებით, საგადასახადო დანახარჯების რაციონალიზაციითა და საგარეო ვალის გონივრული მართვით. შემოსავლები 2024 წელს მშპ-ს 28% გახდება, ხოლო 2025 წელს 28.5% გადასახადების გაზრდილი ამოღების შედეგად.
გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ რეგიონში შესაძლოა შეანელოს სერვისების ზრდა 2024 წელს 5.5%-მდე, ხოლო 2025 წელს გაიზარდოს 6.3%-მდე ტურიზმში სწრაფი წინსვლის შედეგად. მრეწველობის ზრდას 2024 წელს 4.2%-ით პროგნოზირებენ, 2025 წელს 4.9%-ით, ფეროშენადნობთა მაღალი წარმოების ხარჯზე. სოფლის მეურნეობის ზრდა 2024 წელს 0.5%-მდე შემცირდება, მომავალ წელს კი 1.1%-მდე გაიზრდება მთავრობის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის დაკრედიტებისა და დაზღვევისა და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციების შედეგად.
აზიის განვითარების პროგნოზის მიხედვით იმპორტი შედარებით დაბალი ტემპით გაიზრდება და 2024 წელს ზრდა 6.1%-ს შეადგენს, შიდა ზრდის შენელებისა და ავტომობილების შემცირებული რეექსპორტის ხარჯზე, ხოლო 2025 წელს 11.1%-მდე გაიზრდება. პროგნოზის მიხედვით, მოხდება ფულადი გადარიცხვების სტაბილიზება დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარამდე მომდევნო 2 წლის განმავლობაში, რადგან რუს მიგრანტებთან დაკავშირებული გარე შემოდინება შენელდება და საპირისპირო მიმართულებით შემობრუნდება, რამაც შესაძლოა დაღმავალი ზეწოლა მოახდინოს ლარზე.
საქართველოს მოსახლეობა ბერდება, მოსახლეობის ჩანაცვლების დონეზე დაბალი შობადობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებისა და შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების ემიგრაციის გამო. სახელმწიფოს შეუძლია გაზარდოს დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერება უნარ-ჩვევების განვითარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ზრდით. მუშახელის სტაბილური დეფიციტის მიუხედავად, დიდი განსხვავება რჩება მამაკაცებისა და ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებლებს შორის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ჩართვას სამუშაო ძალაში.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის ახალი, საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს განვითარდეს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორის ინვესტიციებს, რეფორმებს, ცოდნის გაღმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებას და რეგიონულ ინტეგრაციას.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
უახლესი