საქართველოსთვის ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ.
ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში წერია, რომ 2023 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.5% – ადგილობრივი მოპოვებით. გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის თანახმად, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილმა 41.8% შეადგინა. შესამჩნევია ქვანახშირის და ბიოსაწვავისა და ნარჩენების წილის შემცირება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც აქტიური გაზიფიცირება და მყარი საწვავის ბუნებრივი გაზით ჩანაცვლება შეიძლება იყოს.
2023 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მიღება განხორციელდა 4 ძირითადი წყაროდან.
ბუნებრივი გაზის ბაზარი მოიცავს ბუნებრივი გაზის საცალო და საბითუმო ბაზრებს. საქართველოში არ არსებობს ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზარი, რის გამოც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა საბითუმო ბაზარზე ხდება მხოლოდ ორმხრივი ხელშეკრულებების მეშვეობით. მიმწოდებლები ახორციელებენ ბუნებრივი გაზის იმპორტსა (ან მცირე ოდენობით მოპოვებული ბუნებრივი გაზის შესყიდვას) და მის გადაყიდვას სხვა მიმწოდებლებზე, ხოლო საცალო დონეზე მიმწოდებლები უშუალოდ აწვდიან საბოლოო მომხმარებლებს. აღნიშნული არ გამორიცხავს ერთი მიმწოდებლის აქტივობას ბაზრის ორივე დონეზე. როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა კვლავ სოკართან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ. შესაბამისად, ბაზარი ორივე დონეზე კონცენტრირებულია, რის გამოც უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს დერეგულირებული მომხმარებლებისთვის ბუნებრივ გაზზე წვდომა კონკურენტულ ფასად.
2023 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობას ახორციელებდა 28 მიმწოდებელი. მათგან 17 აქტიური იყო მხოლოდ საცალო ბაზარზე, ხოლო 11 – ბაზრის ორივე დონეზე. საბოლოო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის ფიზიკურად მიტანას უზრუნველყოფენ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა (რომლის უმთავრეს ფუნქციას ბუნებრივი გაზის მისი მოპოვების ან იმპორტის წყაროდან მიწოდების პუნქტებამდე გადატანა წარმოადგენს) და განაწილების ლიცენზიატები.
„საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 80%-ს. ამავდროულად, საქართველო ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რომელიც 2023 წელს 9 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს.
2023 წელს 2022 წლის მსგავსად შეინიშნება რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მიღების შედარებით მაღალი მაჩვენებელი, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებით, კერძოდ, პიკური დღიური მოხმარებების მაღალ ნიშნულზე ყოფნით (15-20 მლნ.კუბ.მ-ის ფარგლებში).
ამასთან, აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკონტრაქტებული სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფდა შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილებას და საჭირო გახდა დამატებითი ბუნებრივი გაზის შემოტანა.
2023 წელს საქართველოს ბაზარზე ბუნებრივი გაზის მოთხოვნამ 2,966 მლნ კუბ.მ შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე უმნიშვნელოდ მცირეა. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი გაზის ქვეყანაში შემოტანა განახორციელა ორმა მიმწოდებელმა. სულ იმპორტით დაკმაყოფილდა ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5%, დანარჩენი კი – ადგილობრივი მოპოვებით. ადგილობრივი მოპოვების შესყიდვა და საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში შემოტანა განახორციელა ორმა მიმწოდებელმა, რომელთაგან ერთერთი ასევე არის იმპორტიორი. შესაბამისად, საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზის განთავსება (იმპორტი და ადგილობრივი წარმოება) მოახდინა სულ ოთხმა მიმწოდებელმა (სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, შპს „ბაგო“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, შპს „ბუქაფ სოლუშენზ“). ვაჭრობის ამ დონეზე (ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე შემოტანა) მიმწოდებლებს შორის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) შეადგინა 5,222, რაც მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. ინდექსი მცირედით გაუარესებულია წინა წლებთან შედარებით, რაც მეტწილად ასახავს ბუნებრივი გაზის მიღების წყაროების წილობრივ ცვლილებებს, ვიდრე კონკურენციის მხრივ ბაზარზე რაიმე სახის ცვლილებებს. მსგავსი მდგომარეობა განსაკუთრებით დამახასიათებელია იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან საკმარისად დაკავშირებული მეზობელ ქვეყნებთან ან/და ბაზარზე არ არიან სხვადასხვა წყაროს ათვისებით დაინტერესებული იმპორტიორები“, - აღნიშნულია სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში.
უახლესი
5 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა