მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება) ორგანიზაციების საქმიანობა, დარგში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი.
შეხვედრაზე, რომელსაც გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ასევე ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დარგში არსებული გამოწვევები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობას და იმ პრობლემატურ საკითხებს, რომლებსაც ოპერირებისას აწყდებიან, ასევე სახიფათო ნარჩენების მოგროვებას, მათი აღრიცხვიანობის წესს და გადამუშავებას.
შეხვედრის მსვლელობისას დისკუსია გაიმართა დარგში სტანდარტების დაცვის აუცილებლობასა და ბაზრის წესების დაცვაზე.
„ნარჩენების სწორი გზით გადამუშავება და გარემოსდაცვა პრიორიტეტული საკითხია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის, შესაბამისად, შეხვედრის ფარგლებში მგვ კომპანიებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი საქმიანობის პრაქტიკული გამოწვევები და ვიმედოვნებთ, რომ მოხდება პოზიციების შეჯერება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის ნებისმიერი რეგულაცია გარკვეული ბიუროკრატიული წნეხია და დაკავშირებულია ხარჯებთან, მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა იმ დისკუსიაში, რომელიც მოემსახურება მომავალი თაობების კეთილდღეობას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
უახლესი