ჩვენი პოლიტიკა ფინტექებთან და დიგიტალიზაციასთან მიმართებით არის მორგებული ინვესტორებისა და ბაზრის სხვადასხვა სუბიექტების საჭიროებაზე, რადგან ეს არის ახალი სფერო, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ძალიან ბევრი თვალსაზრისით უკვე არის შუა დერეფნისა და რეგიონის ჰაბი ლოგისტიკის, ტრანსპორტირების, ენერგეტიკის, კომუნიკაციების კუთხით.
„აქედან გამომდინარე კი სრულიად ლოგიკურია რომ ახლა გვქონდეს განაცხადი და ამბიცია, რომ გავხდეთ ასევე ფინანსური, ელექტრონული სერვისების იგივე ფინტექების ჰაბი რეგიონისთვის“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ამისთვის სებ-ი ახორციელებს მიზანმიმართულ პოლიტიკას.
„ჩვენ არჩეული გვაქვს ე.წ ღია პოლიტიკა ამ თვალსაზრისით. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენი პოლიტიკა ფინ ტექებთან და დიგიტალიზაციასთან მიმართებით არის მორგებული ინვესტორებისა და ბაზრის სხვადასხვა სუბიექტების საჭიროებაზე, რადგან ეს არის ახალი სფერო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ სფეროს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ლიცენზიასა და ნებართვას. ვახორციელებთ ლიცენზირებას როგორც ელექტრონული ბანკების, ასევე ვირტუალური აქტივების სერვისების მიმწოდებლებისა და სხვადასხვა ფინტექებს ვთავაზობთ უსაფრთხო და მათი პროდუქტების დატესტვის პლატფორმას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოკლე დროში შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა იგივე დიგიტალიზაციისთვის და ფინტექების განვითარებისთვის - ეს არის ღია ბანკინგის პრინციპების დანერგვა, რაც აძლევს სხვადასხვა სუბიექტს - ფინტექებს შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს საფინანსო სექტორში არსებული მონაცემები და ამ მონაცემების გამოყენებით ახალი ინოვაციური პროდუქტები შესთავაზოს ბაზარს.
ჩვენ სხვადასხვა პროგრამის თვალსაზრისით ვქმნით იმ გარემოს, სადაც ფინტექები უსაფრთხოდ შეძლებენ თავისი ახალი ინოვაციური პროდუქტების დატესტვას. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საფინანსო და საბანკო სისტემა ერთ-ერთი ლიდერია ელექტრონული სერვისების შეთავაზების თვალსაზრისით არამარტო საქართველოში არამედ რეგიონში და საკმაოდ მაღალკონკურენტუნარიანია, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბევრ საბანკო დაწესებულებასთან შედარებით და ეს არის ჩვენი ბაზრის გარდაუვალი ევოლუცია.
ამ თვალსაზრისით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში შევძლებთ უფრო სერიოზული განაცხადის გაკეთებას საქართველო როგორც ფინტექ ინდუსტრიის ჰაბი - ამისთვის ყველა წინა პირობა გვაქვს, მათ შორის საუკეთესო საინვესტიციო გარემო კონკრეტულად ამ სფეროსთვის, რომელსაც ჩვენ და მთავრობა ერთად ვქმნით და ასევე მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მშვიდობა რაც წინაპირობაა ნებისმიერი კარგი და სწორი განვითარებისთვის“, - განაცხადა თურნავამ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა