კაკლის ნარგავი ფართობის დიდი ნაწილი ჯერ სრულ მსხმოიარობაში არ არის შესული, თუმცა არსებული ბაღების წარმოება მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის 5.6 მილიონ კილოგრამამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული.
ირკვევა, რომ საქართველო 1 სულ მოსახლეზე 1.04 კგ კაკალს მოიხმარს და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა მსოფლიოში, რაც საშუალოზე 8-ჯერ უფრო მაღალია. ეს გამოწვეულია საქართველოს კულინარიით, ვინაიდან ნიგოზი ბევრი საკვები პროდუქტის ინგრედიენტად გამოიყენება.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, საქართველოში კაკლის წარმოება შემცირდა 2016-17 წლებში ფაროსანის შემოსევის გამო. 2018 წლიდან წარმოება მზარდია, რაც უკავშირდება 2014 წელს დაწყებული სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ნერგების მსხმოიარობაში შესვლას. წარმოების მატებასთან ერთად გაიზარდა ადგილობრივი მოხმარებაც. 2020-21 წლებში მოხმარება შემცირდა კოვიდთან დაკავშირებული ფაქტორების გამო. 2022-23 წლებში მოხმარება მკვეთრად არის გაზრდილი, რაც მაღალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის და შემცირებული წარმოების შედეგად კაკლის თვითუზრუნველყოფა (56.6%) გაუარესდა 2023 წელს.
„კაკლის წარმოება საქართველოში დინამიკაში მზარდია, თუმცა ახასიათებს წლიური მერყეობა. ამასთან, წარმოება საგრძნობლად ჩამოუვარდება სექტორის მოლოდინებს. მაღალი მოლოდინები ემყარებოდა კაკლის ახალი ხარისხიანი ჯიშის, ჩანდლერის გაშენებას. თუმცა, ცოდნის ნაკლებობამ არაეფექტური წარმოება გამოიწვია - მწარმოებლებმა ნერგები არასწორ დროს, არასწორ პირობებში დარგეს და სათანადოდ ვერ მოუარეს. მოთხოვნამ გაუსწრო რეალურ წარმოებას და 2022-23 წლებში კაკლის ფასი ფერმის კართან საგრძნობლად გაიზარდა“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვლევაში.
კაკლის ექსპორტი ხორცილედება როგორც ნაჭუჭგაცლილად, ასევე ნაჭუჭიანად. მსოფლიო კაკლის ექსპორტის ღირებულება სტაბილური იყო 2017-22 წლებში, თუმცა მოცულობაში გაზრდილია (24.7%-ით ნაჭუჭგაცლილი, 21.6%-ით ნაჭუჭიანი). ფასის ვარდნა როგორც კაკლის, ასევე სხვა კაკლოვნების წარმოების ზრდას უკავშირდება. კაკლის უმსხვილესი ექსპორტიორი აშშ და მექსიკაა, ჯამურად 53.6%-იანი წილით. ჩინური კაკალი შედარებით დაბალი ხარისხისაა. კაკლის უდიდესი იმპორტიორები არიან გერმანია (13.7%), გაერთიანებული საემიროები (8.7%), თურქეთი (7.5%), იტალია (5.5%) და მექსიკა (5.0%).
საქართველოში ჩანდლერის ბაღები ძირითადად 2015 წელს დაწყებული სახელმწიფო დაფინანსებით არის გაშენებული. ჩანდლერი მსხმოიარობაში მე-4 წლიდან შედის და ნორმალიზდება მერვე წელს. სათანადოდ მოვლის შემთხვევაში ჩანდლერი 5-7 ტონამდე მოსავალს იძლევა ჰექტარზე, კარგი მოვლის შემთხვევაში 8-10 ტონამდე და ცუდი მოვლის შემთხვევაში 2-3 ტონას. ამასთან, გაშენებული ნერგების უმეტესობა სრულ მსხმოიარობაში არ არის შესული. აღსანიშნავია, რომ კაკლის ბაღების გაშენება შენელდა 2021 წლიდან.
„საქართველოში კაკლის იმპორტის მაღალი ცვალებადობა გამოწვეულია მოთხოვნის ცვალებადობით. იმპორტი ადგილობრივ წარმოებას ხელს არ უშლის, რადგან ქართული კაკალი მთლიანად ადგილობრივად რეალიზდება.
საქართველოში კაკლის იმპორტის 88.7% არის უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და ჩინეთიდან. იმპორტირებული კაკალი ბაზარზე უხარისხოდ მიიჩნევა. ჩინური კაკალი საგრძნობლად გაიაფებულია ჩინეთში გაზრდილი წარმოების გამო.
პროგრამით „დანერგე მომავალი“ ჩანდლერის ნერგების გაშენება, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო, 2023 წელს ფაქტობრივად შეწყდა. ამასთან, სახელმწიფო თანადაფინანსებით კაკალი ყველაზე დიდი ფართობით გაშენებულია კახეთში, ხოლო კერძო ინვესტიციებით აჭარაში. კაკლის სწორი მოვლა და პოსტ-ჰარვესტ ზომები მნიშვნელოვანია. ამიტომ, სახელმწიფო დაფინანსებით ხდება ასევე აშშ-დან აგრონომების ჩამოყვანა და ცოდნის გაზიარება. კაკლის ხარისხს აფუჭებს არასწორი შენახვა, რაც საშრობების საჭიროებას განაპირობებს. არსებული საშრობები სრულიად საკმარისია ახლანდელი მოსავლისთვის, მაგრამ მომავალში მეტის საჭიროება იქნება“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
მსოფლიოში კაკლის წარმოება სტაბილურად იმატებს და 2022 წელს 1,157 მლნ კგ შეადგინა. წარმოების ზრდა ძირითადად მოდის ჩინეთსა და აშშ-ზე. ჩინეთში წარმოების მატება ნარგავი ფართობის მატებასა და ნერგების სრულ-მსხმოიარობაში შესვლას უკავშირდება. აშშ და ჩინეთი ერთად მსოფლიო წარმოების 79.1%-ს შეადგენენ.
ჩინეთი უდიდეს მწარმოებელთან ერთად, ასევე უმსხვილესი მომხმარებელიცაა. მისი წარმოების უდიდესი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. ამისგან განსხვავებით, აშშ-ს თავისი წარმოების უდიდესი ნაწილი საექსპორტოდ გააქვს.
უახლესი