დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საექსპორტო არეალს ვაფართოებთ, წელს ოთხი ახალი ბაზარი დაგვემატა  - ,,მეღვინეობა ჩელთი"

საექსპორტო არეალს ვაფართოებთ, წელს ოთხი ახალი ბაზარი დაგვემატა  - ,,მეღვინეობა ჩელთი"

06-11-2023 17:00:05

მიმდინარე წელი ,,მეღვინეობა ჩელთის" საქმიანობაში ერთ-ერთი მზარდი და წარმატებულია. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სეზონი ყურძნის წარმოების თვალსაზრისით, უამინდობიდან გამომდინარე, რთული იყო, ,,ჩელთის" წარმოებაზე ამ ფაქტს ნეგატიურად არ უმოქმედია. 

მეტიც, როგორც Business Insider Georgia-თან კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი აცხადებს, რეზერვების ხარჯზე წარმოების მაჩვენებელი შეინარჩუნეს, პროდუქტი კი ექსპორტზე დამატებით 4 ქვეყანაში გავიდა, პარალელურად ადგილობრივ ბაზარზე ,,ჩელთიმ" ყველა ნიშური მაღაზიისა და რესტორნის გამორჩეული ღვინოების ასორტიმენტშია.

,,რთული რთველი ჩავამთავრეთ. ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, თუმცა გაყიდვების კუთხით თუ ვისაუბრებთ, აქტიური წელიწადია, მოთხოვნა გაიზარდა. ჩვენს შემთხვევაში, რეალურად ამ წლის მოსავალი რაოდენობრივად იქნება შედარებით მცირე, მაგრამ გვაქვს რეზერვები, რასაც გამოვიყენებთ და ჩვენს გაყიდვებს არ დაეტყობა. ჯამში ოთხი ახალი ბაზარი დაგვემატა, მათ შორის შვედეთსა და გერმანიაში. ჯამში ექსპორტზე 30-მდე ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი", - ამბობს ანა მირიანაშვილი.

როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.

2023 წელი ,,ჩელთის" საქმიანობაში ნაყოფიერი იყო იმ მხრივაც, რომ შექმნა „მემკვიდრეობის ხაზი“ - ახალი პროდუქტია, რომელიც ბაზარზე გაყიდვაშია. ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ერთი ხაზის ქვეშ „ჩელთის“ მიერ 2007 წლიდან დამზადებული ღვინის რეზერვები გაერთიანდება. სწორედ ამ „მემკვიდრეობის ხაზიდან“ ორმა მოსავალმა WinExpo Georgia 2023-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში ოქროს მედლები აიღო.
ანა, მირიანაშვილის თქმით, ეს არის მისი  ყველაზე ძვირფასი ღვინოების კოლექცია -  ჩელთი მემკვიდრეობა (Chelti Heritage)  რომელშიც შედის 5 ღვინო - საფერავი 2007 წლის,  საფერავი 2008 წლის, საფერავი 2015 წლის, საფერავი ქვევრი 2015 წლის და საფერავი ქვევრი 2016 წლის.

ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება.
კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები