დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსულმა ოკუპაციამ ყველის წარმოებაც ,,საზღვრებში" მოაქცია და დარგი ვერ განვითარდა - ,,მარლეტა"

რუსულმა ოკუპაციამ ყველის წარმოებაც ,,საზღვრებში" მოაქცია და დარგი ვერ განვითარდა - ,,მარლეტა"

24-11-2023 17:00:46

,,მარლეტა" არტიზანული ყველის საწარმოა, რომელიც თელავის რაიონში, სოფელ შალაურში მდებარეობს და მას ლევან ცაგურია მეუღლესთან ერთად უძღვება. წყვილმა საცხოვრებლად თბილიდან შალაურში გადასვლა და სოფლის მეურნეობაში ჩაბმა 2009 წელს გადაწყვიტა. 

საწარმო პროექტ ,,ყველის გზის" ერთ-ერთი მონაწილეა. როგორც ლევან ცაგურია Business Insider Georgia- თან ამბობს, პროექტში მონაწილეობა ქმნის შესაძლებლობას, რომ ბრენდის ცნობადობა გაიზარდოს და წარმოების მასშტაბიც, რაც მცირე საწარმოსთვის აქამდე პრობლემას წარმოადგენდა. 

,,საქართველოში ძირითადად პოპულარულია ტრადიციული სახეობები, ვთქვათ, სულუგუნი და გუდის ყველი. ჩვენ ვაწარმოებთ ძროხის  და თხის ყველს თეთრი ობით, ასევე ნახევრად მაგარ და მაგარ ყველს 2-3 თვის დაძველებით.

რუსულმა ოკუპაციამ ყველის წარმოება ჩარჩოში მოაქცია, ვერ განვითარდა ეს მიმართულება ქვეყანაში. ნამდვილად წარმოუდგენელია, რომ ღვინის სამშობლოში ორი სახეობის ყველი იწარმოებოდეს და ერთსახოვანი იყოს. ყველის წარმოების ძირითადი პრინციპია, რომ იგი არის შენახული რძე, იგივე კვებითი ღირებულებები აქვს, როგორიც რძეს, უბრალოდ, შენახვის ვადა უხანგრძლივდება", - ამბობს ლევან ცაგურია.

მისი თქმით, ,,მარლეტა" ამ ეტაპზე 10-12 სახეობის ყველს აწარმოებს.

,,წარმოება უმეტესად არატრადიციულია. ქვეყნის გარეთ ვერ გავდივართ, თუმცა საერთაშორისო გამოცემაში მოხვდა ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი ,,აშმელო". ,,ყველის გზა“ თუ გაამართლებს და მეტი ადამიანი გაგვიცნობს, გაიზრდება მოთხოვნა, შესაბამისად, შევძლებთ მდგრად განვითარებასა და პროდუქტის ექსპორტზე გატანასაც, ჯერჯერობით ამ შესაძლებლობას მოკლებული ვართ", - ამბობს ლევან ცაგურია.

რაც შეეხება საწარმოს სახელწოდებას, შალაურში საცხოვრებლად გადასულმა წყვილმა ამ ფაქტის აღსანიშნავად, მეგობრებისგან საჩუქრად შვეიცარიული ჯიშის ძროხა „მარლეტა“ მიიღო და პირველი ყველი სწორედ მარლეტასგან მიღებული რძისგან ამოიყვანეს. საწარმოსაც მის საპატივცემლოდ დაერქვა სახელი.

„მარლეტამ“ ყველის დამზადების ჰობი, 2011 წლიდან კომერციულ საქმიანობად აქცია და უკვე 2013 წელს, თბილისის ყველის ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

„მარლეტას“ ყველა დასახელების ყველი უნიკალური რეცეპტით არის დამზადებული. თუ საწარმოს ესტუმრებით, სადეგუსტაციო დაფიდან შეგიძლიათ დააგემოვნოთ საფირმო ყველი „აშმელო“, რომელიც ნახშირისა და თეთრი ობის გარსითაა დაფარული. ასევე, არ გამოგრჩეთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი „მარლეტას ბჟა“ - ძროხის რძის ნახევრად მაგარი, განსაკუთრებულ პირობებში დავარგებული ყველი.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები